არქიტექტურა, არქეოლოგია

მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სიღნაღის ციხე-გალავანთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სიღნაღის ციხე-გალავანთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მომხდარი უხეში დარღვევაა და საქმეზე აღძრულია ადმინისტრაციული მოკვლევა.

“საქართველოს კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სიღნაღის ისტორიულ გალავანზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით განხორციელებულ ფიზიკურ სამუშაოებს კანონის უხეშ დარღვევად აფასებს და მასზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მოკვლევას იწყებს.

სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების ჯგუფი დღესვე ადგილზე შეისწავლის სამშენებლო პროცესისა და მისი განხორციელების ყველა წინამდებარე პროცედურას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან შეუთანხმებლად წარიმართა. სააგენტოს თანამშრომლების მიერ დღესვე განისაზღვრება კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის შესაძლო დაზიანების ხარისხი, რითაც უნებართვო პროცესში ჩართული პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება.

კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე სიღნაღის ისტორიულ გალავანზე მიმდინარე ყველა ტიპის სამუშაოები უკვე შეჩერებულია. სახელმწიფო უწყების უშუალო ჩართულობით მომზადდება გალავნის სახეცვლილი სეგმენტის პირვანდელი იერსახით აღდგენის საპროექტო დოკუმენტაცია. კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების საფუძველზე კი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია გალავნის კარიბჭეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ ამავე პროექტის მიხედვით აღადგენს.” – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მერიის დავალებით, სიღნაღში ციხე-გალავნის შესასვლელის გალესილი ნაწილი აღადგინეს.

როგორც “არტნიუსს” სიღნაღის მერის პირველმა მოადგილემ, მადონა ბატიაშვილმა განუცხადა, ამჟამდინელი ფერი არც მათთვისაა მისაღები.

თუმცა, რაც შეეხება ნებართვას მემკვიდრეობის სააგენტოსგან, მადონას თქმით, ნებართბის მიღების საჭიროება არ დამდგარა, რადგან ისინი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ შეჰხებიან და გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან კედელი ასე გალესილი და მისი მხოლოდ ნაწილობრივი აღდგენა მოხდა.

კომენტარები

კომენტარი