საშემსრულებლო ხელოვნება

ჟიურის გადაწყვეტილებით, თამარ ედილაშვილი საბავშვო ევროვიზიაზე სიმღერით – „შენი ხმა“ წარდგება

ჟიურის გადაწყვეტილებით, თამარ ედილაშვილი საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 კონკურსში საქართველოს სიმღერით „შენი ხმა“ წარადგენს, – ამის შესახებ დღეს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ გახდა ცნობილი.

საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის ავტორი არის სოფო ტოროშელიძე, ხოლო ტექსტი ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.

პირველმა არხმა 2018 წლის საბავშვო ევროვიზიაში წარსადგენი სიმღერის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.

შემოსული 22 განაცხადიდან, კომპოზიცია „შენი ხმა” კენჭისყრის შედეგად შეირჩა. ჟიურის წევრები იყვნენ დავით ევგენიძე – კომპოზიტორი, სოფო ხალვაში – მომღერალი, ნოდიკო ტატიშვილი – მომღერალი, ზაზა ორაშვილი – რეჟისორი, მანანა მორჩილაძე – ვოკალის პედაგოგი და ლანა ქუთათელაძე – პირველი არხის პროექტების განვითარების სამსახურის უფროსი.

თამარ ედილაშვილი პირველი არხის საბავშვო მუსიკალური პროექტის „რანინას” გამარჯვებულია. ის საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-16 კონკურსში ნოემბერში გაემგზავრება.

2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. მასშტაბური შოუ მინსკში 25 ნოემბერს გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი