კულტურა

ნაჯა ორაშვილი: “თუ მე ვარ მკვლელი და ნარკომანიის ევანგელისტი, დამაკავეთ”

კლუბ BASSIANI-ს თანადამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდია ბასიანთან კრიმინალური პოლიცია სისტემატიურად აკავებს კლუბში მისულ ადამიანებს.

რამდენიმე დღის წინ დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩხრიკეს და დააკავეს ადამიანები, რომელთა შორის ტურისტები და კლუბის დამფუძნებლებიც იყვნენ.

ნაჯას განცხადება, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი შეიძლება დაიხუროს, სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა, რომელსაც ორაშვილმა ვრცელი სტატუსი მიუძღვა, სადაც მიმოიხილავს მათ გარშემო არსებულ საკითხებს:

“მოდი დავიწყოთ თავიდან.

– ფენტანილი, რომელმაც (საკუთარ სახლებში) შეიწირა 6 ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე და, სხვათაშორის, პირველი ვიყავი, ვინც ამაზე განგაში ატეხა, ბაზარზე მხოლოდ 29 აპრილიდან 10 მაისის შუალედში გამოჩნდა. სად გაქრა ეს ნივთიერება? რატომ გაჩნდა მხოლოდ ამ პერიოდში. 5 თვე გავიდა და დღემდე არც მისი შემომტანი და არც გამავრცელებელი არ დასჯილა, არც ამ ნივთიერების მოხმარების პრევენციაზე საუბრობს ვინმე. არადა ამის გამო დაგვარბიეს. ეს ყველაფერი კი ძალიან დიდ ეჭვებს ჰბადებს.

– აპრილი-მაისის თვეში თბილისის საკლუბო სივრცეში არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა, თუმცა ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი და მათთან დაკავშირებული პარტიები ამ ტყუილს დღემდე ავრცელებენ. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს: “მას შემდეგ რაც, შსს “ბასიანში” შევიდა, თბილისის კლუბებში ფატალური შედეგი აღარ დამდგარა.” ვადასტურებ, არც მანამდე და არც ახლა ნამდვილად არ დამდგარა თბილისის კლუბებში ფატალური შედეგი და იმედი მაქვს, არც დადგება, მაგრამ 25 აგვისტოს ქართული ოცნების მიერ 4,160,000 ლარად დაფინანსებულ სახელმწიფო ფესტივალზე ზედოზირებით ნამდვილად გარდაიცვალა ახალგაზრდა ადამიანი. თუმცა დღემდე არ ვიცით რა ნივთიერების შედეგად. ამასაც გვიმალავენ. ნიშანდობლივია, რომ ამ ტრაგიკულ შემთხვევას სიცოცხლის მეხოტბე სისტემის ბოტები არ გამოხმაურებიან.

– ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი გოგა გელაშვილი საკუთარ კაბინეტში დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შემოტანასა და რეალიზაციაში, ასევე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ხოლო, “სააფთიაქო ნარკომანიის“ ბრალდებით დაკავებულია ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი. თუმცა შს მინისტრი ალბათ ისევ იმ მიამიტურ აზრზეა, რომ ქვეყნის მთავარი ნარკოკარტელი დინამოს სტადიონზე გადის და მთელი ქალაქის მასშტაბით მხოლოდ ბასიანზე მოსულ სტუმრებს მინი-სპეცოპერაციას უტარებს. ასობით ადამიანი გაჩხრიკეს, დაკავებულია 2, ერთი მათგანი 2 აბი ექსტაზის ფლობაზე და ემუქრება 6 წელი ციხე. დინამოსთან რეიდი ადასტურებს, რომ შსს შერჩევითი სამართლით მოქმედებს.

– ამ ფონზე, როდესაც ათიათასობით ადამიანს პირობითი სასჯელი აქვს და მილიგრამების ფლობის გამო 20 წლამდე ციხე ემუქრებათ, შს მინისტრი მარიხუანის ლეგალიზაციის კანონპროექტს ამზადებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ უბრალოდ ერთადერთ რამეს ვითხოვდით – დეკრიმინალიზაციას, რომ ადამიანები ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო არ წასულიყვნენ ციხეში, რომ მათზე ეზრუნა სახელმწიფოს, ემკურნალა მათთვის.

ბასიანის მიმართ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინაროებს, ასე გაგრძელდება სამუდამოდ. ყოველდღე გვპირდებიან, მაგრამ ჯერ კიდევ არ დაუბრუნებიათ კლუბიდან წაღებული 30 000 ლარი.

ნუ, მესმის რომ სახელმწიფო მტრის ხატს ქმნის, იყენებს ბოტების სამარცხვინო სისტემას და საზოგადოების გარკვეული ნაწილიც ამ შავბნელი სცენარის უნებლიე მონაწილე ხდება. მაგრამ, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ყველაფრის უკან უდანაშაულო ადამიანები ვდგავართ, გვყავს შვილები, ვიბრძვით უკეთესი მომავლისთვის.

წარმოიდგინეთ, თქვენი ან თქვენი შვილების საოცნებო საქმიანობისთვის სახელმწიფოს უმიზეზოდ და უსამართლოდ ომი რომ გამოეცხადებინა, დაერბია მათი საყვარელი სივრცე, სპეცრაზმელებს მათთვის იარაღი მიეშვირათ და მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასი ჭორი და სიბინძურე დაებრალებინათ, რასთანაც არასოდეს ჰქონიათ კავშირი, რას იზამდით, რა რეაქცია გექნებოდათ? მაგრამ იცოდეთ, კარმა ოხერი რამეა.

არც ჩუმად არ ვართ, არც არავისზე გავყიდულვართ, არც ბრძოლის უნარი დაგვიკარგავს, უბრალოდ პირადად მე, როგორც ადამიანი ამ ინტენსიური ისტერიით დავიღალე, თუმცა ეს დრო დავუთმე ამ ყველაფრის გაანალიზებას, ვეცადე ცივი გონებით შემეხედა ამ სასტიკი რეალობისთვის, რომელიც ახალგაზრდა თაობის წინააღმდეგ გადადგეს, რომ შესაბამისად მემოქმედა.

თუ მე ვარ მკვლელი, ნარკომანიის ევანგელისტი, კარტელის ‘დედოფალი” და ქვესკნელეთის დესპანი, მაშინ რაღას უცდით, დამაკავეთ. ჩემთვის ამ სოციუმში არსებობაც ისეთივე რთულია, როგორც გისოსებს მიღმა ცხოვრება.

თუმცა მაინც მჯერა, რომ ამ ქვეყანაში სამართალი გაიმარჯვებს და აქ წარმოებულ ბოროტებას ბოლო მოეღება.” – ნაჯა ორაშვილი.

კომენტარები

კომენტარი