კულტურა

რას წერენ რუსული ვებგვერდები საქართველოს შესახებ?

რუსულ საიტებზე საქართველოს შესახებ უამრავ სტატიას შეხვდებით სათაურით: ,,10, 20, 50 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდეთ, სანამ საქართველოში ჩახვალთ”. ერთ-ერთ სტატიას ის ლეგენდაც კი უძღვის წინ, რომლის თანახმადაც, ღმერთი როდესაც მიწებს არიგებდა, ქართველები სუფრაზე იყვნენ და დააგვიანდათ, რის გამოც ხელცარიელები ბრუნდებოდნენ უკან, თუმცა ღმერთმა თავისთვის გადანახული მიწა აჩუქა მათ.

ცხადია, იმის ძებნით, თუ რას წერენ რუსები ქართველებზე უამრავ არასასიამოვნო გამონათქვამსა და ფაქტს გადავაწყდებით, რაც, რასაკვირველია, პოლიტიკური განწყობილებით არის განპირობებული, თუმცა, მეორე მხრივ, ბევრ სახალისო ფაქტს შევხვით, რომელსაც თავი მოვუყარეთ:

1. არ გაგიკვირდეთ, თუ საქართველოში დაინახავთ, როგორ კოცნიან მამაკაცები ერთმანეთს ლოყაზე. შეხვედრისას კოცნა ქართული ტრადიციაა.

2. ქართველები სტუმრად მისვლისას  ფეხსაცმელს არ იხდიან. თუკი გაიხდით, ქართველი დიასახლისი ამას უპატივცემულობად მიიღებს.

3. სუფრასთან მთავარი ადამიანი თამადაა. ის შეიძლება იყოს მასპინძელი, ან თავად მასპინძელი ირჩევს თამადად სტუმრებიდან ერთ-ერთს. მას ლაპარაკში ხელი არ უნდა შეუშალოთ. მისი სიტყვა კანონია.

4.თუ ნახავთ როგორ ჭამენ ქართველები ხორცს ხელით, არ იფიქროთ რომ ეს არაეთიკური ქცევაა. ისინი მწვადს ხელით ჭამენ, ასევე ხინკალს. თუკი ხინკალს ჩანგლით შეჭამთ, თქვენ არა მხოლოდ სულელი გამოჩნდებით, არამედ ამ კერძის მთავარ გემოს დაკარგავთ.

5. ქართველებისთვის ოჯახი ყველაზე წმინდაა. ისინი ძალიან უფრთხილდებიან მშობლებს. ოჯახში მამის სიტყვა გადამწყვეტია.

6. საქართველოში არსებობს ყველაზე უცნაური ავტოსტოპი. მიგიყვანენ სადაც გსურთ, გაჭმევენ და ღამეს გასათენებელ ოთახსაც დაგითმობენ, თუ საჭიროა.

7. რუსეთის მოქალაქეს შეუძლია იოლად მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა და სარგებლობდეს ორმაგი მოქალაქეობით.

8. ქართველებს აქვთ სიტყვა, სადაც 8 თანხმოვანია თავმოყრილი. ,,გვფრცქვნის”, თუმცა ეს ყველაფერი არაა. მხატვრულ ნაწარმოებში ,,ვეფხისტყაოსანი” არსებობს სიტყვა, სადაც 11 თანხმოვანია ერთად თავმოყრილი – ,,ვეფხვთმბრდღვნელი”.

9. საქართველოში, ფაქტობრივად, აღმოფხვრილია კორუფცია და ბიუროკრატია.

10. არსებობს სტერეოტიპი, რომ ქართველებს რუსები არ უყვართ. ეს ტყუილია, ისინი ფიქრობენ, რომ ხალხი არ აგებს პასუხს იმაზე, რასაც მთავრობა აკეთებს.

 

კომენტარები

კომენტარი