ვიდეოები ვიზუალური ხელოვნება კინო

უშვიათესი კადრები: როგორ იქმნებოდა მსოფლიო ხელოვნების ცნობილი ნიმუშები

ხელოვნების მოყვარულებისა და კოლექციონერებისთვის მონე, რენუარი, პიკასო, მატისი, კანდისკი და მათი ნამუშევრები საკმაოდ ცნობილია, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ენახა როგორ ქმნიდნენ დიდი ოსტატები თავიანთ შედევრებს.

“არტნიუსი” წარმოგიდგენთ მეოცე საუკუნის გენიალური ფერმწერების უნიკალურ დოკუმენტურ ჩანაწერებს, რომლებშიც ნაჩვენებია მხატვრების მუშაობის პროცესი.

პაბლო პიკასო

კადრებში მეოცე საუკუნის ყველაზე ცნობილი მხატვარი, პაბლო პიკასო საკუთარი სახელოსნოს მინაზე ხატავს. ეს გახლავთ ფრაგმენტი ბელგიელი კინორეჟისორის, პოლ ჰესერტსის 1950 წელს გადაღებული ფილმიდან – ,,შეხვედრა პიკასოსთან”. მხატვარი ამ დროს 68 წლისაა.

ანრი მატისი

ვიდეო 1946 წელსაა გადაღებული. კადრებში 76 წლის ფრანგი მხატვარი შვილიშვილის პორტრეტის ესკიზს ხატავს, საკუთარ სახელოსნოში. ეს არის ამონაწერი ფრანსუა კამპოს 26 წუთიანი ფილმიდან, რომელიც გადაიღეს საფრანგეთის კულტურათა ურთიერთობების დეპარტამენტისთვის.

ვასილ კანდისკი

კადრები 1926 წელს არის ჩაწერილი. რუსი მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე და აბსტრაქციონიზმის დამფუძნებელი ვასილ კანდისკი ხატავს ცარიელ, თეთრ ტილოზე. მხატვარი ამ დროს 59 წლისაა.

პიერ ოგიუსტ რენუარი

ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე ოგიუსტ რენუარი სიცოცხლის ბოლო ათწლეულში რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმით იყო დაავადებული. როდესაც ამ კადრებს იღებდნენ, 1915 წლის ივნისში, 74 წლის მხატვარი უკვე ეტლს იყო მიჯაჭვული და მუდმივი ტკივილებით იტანჯებოდა. ვიდეოში ჩანს, როგორ ეხამრება მას შვილი ფუნჯის დაჭერაში.

ამბობენ, რომ როდესაც ანრი მატისმა ჰკითხა რენუარს, რატომ აგრძელებდა ტკივილისგან დაკრუნჩხული ხელებით ხატვას, ასეთი პასუხი მიიღო: ,,ტკივილი გადის, სილამაზე რჩება”

კლოდ მონე

ფრანგი იმპრესიონისტი კლოდ მონე ამ კადრებში 74 წლისაა. ვიდეო მხატვრის ბაღშია გადაღებული, 1915 წელს, ფრანგი მსახიობისა და დრამატურგის, საშა გიტრის მიერ. ეს იყო დოკუმენტური ფილმი პირველი მსოფლიო ომის შესახებ. ამ წლებში მხატვარს გარდაეცვალა მეორე ცოლი და უფროსი ვაჟი.

კომენტარები

კომენტარი