კულტურა

საქართველოში მეღვინე ქალთა ასოციაცია დაფუძნდა

დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინის დარბაზში ,,საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის“ პრეზენტაცია და პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

,,საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის“ დამფუძნებლებმა:  ისტორიკოსმა, ანა ჭეიშვილმა, ღვინისა და კულინარიული ტურიზმის აკადემისს დამფუძნებელმა, ნატალი ბარნაბიშვილმა და მარინა კურტანიძემ  ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს. მიმოიხილეს ამ სფეროში ქალთა ჩართულობის მსოფლიო პრაქტიკა. აღსანიშნავია, რომ მარინა კურტანიძე მეღვინე ქალია საქართველოდან.

მარინა “არტნიუსს” ასოციაციის მიზნებსა და ამოცანებზე ესაუბრა: ,,მოგეხსენებათ, დღეს მსოფლიო მეღვინეობაში სულ უფრო და უფრო იზრდება ქალის როლი. ქალები აქტიურად არიან ჩართულები, როგორც ღვინის დაყენებაში, ასევე ღვინის მწერლობაში, ჟურნალისტიკასა და სხვადასხვა სადეგუსტაციო კომისიებში. ქალების წვლილი მეღვინეობის უკან ძალიან დიდია, თუმცა უხილავი. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ “საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის” დაარსების მიზანი სწორედ ისაა, რომ გაწეული შრომა გამოჩნდეს და, რაც მთავარია, დაფასდეს. გარდა ამისა, ასოციაციის არსებობა ხელს შეუწყობს ქალ მეღვინეთა გაცნობასა და კომუნიკაციას, გამოცდილებისა და ცოდნის ერთმანეთისადმი გაზიარებას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით”.

ასოციაციის დამფუძნებელმა, აგრეთვე, პროექტის ტექნიკურ მხარეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში, შედგება გაცნობითი შეხვედრები, ჩატარდება სემინარები. მისი თქმით, ასოციაცია აქტიურად იმუშავებს უცხოელი მეღვინე ქალების პროექტში ჩართვაზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ასოციაციის დამფუძნებლებმა მოწვეული სტუმრების დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

კომენტარები

კომენტარი