ლიტერატურა

გველეშაპის ფუნქცია უძველეს ტრადიციებში და მისი ეტიმოლოგია

გველეშაპის მითოლოგემა მსოფლიოს ყველა კონტინენტზეა გავრცელებული. თითქმის ყველა მითოლოგიაში იგი ცნობილია, როგორც ბოროტების არათუ მომტანი, არამედ თავად ბოროტების განმასახიერებელი ფიგურა. გამონაკლისია ჩინურ-კორეული დრაკონი, რომელიც სიკეთის სიმბოლოა. იგი ერთდროულად ეკუთვნის მიწას, წყალსა და ჰაერს, მაშინ, როცა გველეშაპის სპეციფიკა, ძირითადად, წყლის სტიქიას წარმოგვიდგენს.

იმ კულტურულ არეალში, რომელსაც ეკუთვნის ქართული კულტურა (წინა აზია, ახლო აღმოსავლეთი, ევროპა) ვეშაპი, გველეშაპი, გამონაკლისების გარეშე, ანტაგონისტია. ქრისტიანობა მასში ხედავს დაცემულ ანგელოზს.

როგორც წყლის ბინადარი, იგი არა მხოლოდ წყლის მცველია, არამედ მისი დამკავებელიც სოფლისათვის. მას ჰყავს საკუთარი ანტაგონისტი, რომელიც იცავს სოფელს წყლის შემოტევისგან და უთავისუფლებს მას წყლის სათავეს. იგი გველეშაპთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ერთვება და ბოლოს ამარცხებს მას.

ყველაზე ადრინდელი გადმოცემა მოიპოვება შუამდინარულ ტექსტებში. მათი აზრით, ზღვიური ურჩხული თიამათი დაამარცხა მარდუქმა და ამის შემდეგ წარმოიშვა სამყარო.

გველეშაპი ლიტერატურაში მე-18 საუკუნიდან არის დადასტურებული. იგი ავესტის სპარსული კომპოზიტის აჟი-ვიშაპას თარგმანია: აში – გველი, ვიშაპა – ვეშაპი. ქართული ვეშაპი კი, რომელიც გვხვდება „ურჩხულის“ მნიშვნელობით ქრისტიანული მწერლობის ძველ ტექსტებსა და „ვეფხსიტყაოსანში“, მომდინარეობს საშუალო სპარსულიდან და არავითარი კავშირი არ აქვს თანამედროვე ზღვის უწყინარ ცხოველთან.

„ფსალმუნებში“  ბიბლიურ ზღვის ურჩხულთა – თანინ, ლევიათან – შესაბამისად სიტყვა ვეშაპ გამოიყენება. მოგვიანო სვინაქსარულ ტექსტებში ვეშაპის ნაცვლად „გველვეშაპი“ გვხვდება, რომელიც ირანული კალკია და წიგნური წარმომავლობისაა.

ქართულ მითოლოგიურ ტექსტებში შეიძლება გამოიყოს გველეშაპის მითოლოგემის ორი საპირისპირო ტიპი:

1) გველეშაპს იერიში მოაქვს ხმელეთზე და ხმელეთის დამცველი ამარცხებს მას;

2) გველეშაპი წყალს უკავებს სოფელს და მისგან სანაცვლოდ მსხვერპლს ითხოვს.

ერთგან იგი ჭარბი წყლით ემუქრება სოფელს, ხოლო მეორეგან გვალვით.

კომენტარები

კომენტარი