ვიზუალური ხელოვნება კულტურა

1Stibs-ზე, სავარაუდოდ, ა.ანტროპოვის მიერ შესრულებული თეიმურაზ II-ს პორტრეტი იყიდება

ცნობილ ინტერნეტ მაღაზია 1Stibs-ზე გამოჩნდა პორტრეტი, რომელზეც, ქართველი მეცნიერების აზრით, ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ II-ეა გამოსახული. ნახატის ღირებულება დაახლოებით 67 ათას დოლარადაა შეფასებული. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

პორტრეტი ლონდონის გალერეა „ Daniel Hunt Fine Art“-ს ეკუთვნის. აღწერილობაში აღნიშნულია, რომ ნახატზე ირანის ცნობილი შაჰის, ქერიმ ხან ზენდის კარის ერთ-ერთი უცნობი წევრია გამოსახული. იქვე მითითებულია პორტერტის შესრულების თარიღი 1760 წელი.

საქართველოს ,,ხელოვნების სახლის“ ადმინისტრაციამ მისი შეძენა გადაწყვიტა.

,,ნახატის ზედაპირული დათვალიერებაც კი ცხადს ხდის იმ გარემოებას, რომ საქმე გვაქვს უნიკალურ აღმოჩენასთან და ხელოვნების ნიმუშთან, კერძოდ ქართლ-კახეთის სახელოვან მეფის თეიმურაზ მეორის პორტრეტთან.“ – აღნიშნავს ,,ხელოვნების სახლის“ ხელმძღვანელი, გიორგი კალანდია.

ოფიციალური მონაცემებით, თეიმურაზ მეფის ცნობილი გრავიურა იმპერატრიცა ელისაბედის ბრძანებით დამზადდა 1761 წელს ეფიმ ვინოგრადოვის (1725-1769) მიერ. გრავიორმა გამოსახულება თეიმურაზის იმ პორტრეტისაგან დაამზადა, რომელიც რუსეთის საიმპერეატორო კარის მხატვარმა ა.ანტროპოვმა (1716-1795) დახატა.

,,ანტროპოვის მიერ შესრულებული ტილო ამჟამად დაკარგულად ითვლება და მის შესახებ წარმოდგენა მხოლოდ ზემოხსენებული გრავიურით შეგვიძლია ვიქონიოთ, ამ შემთხვევაში კი გასაყიდი პორტრეტის და გრავიურის შედარება ცხადს ხდის რომ საქმე გვაქვს იდენტურ გამოსახულებებთან: მეორდება ტანსაცმლის, მორთულობის, თავსაბურავის ყველა დეტალიც კი, ცხადია გამოსახულ პირთა სახის ნაკვთების მსგავსებაც“ – აღნიშნავენ ხელოვნების სასახლეში.

ხელოვნების სასახლის წარმომადგენლება ნივთის პასპორტი და დეტალური აღწერილობა მიიღეს, რომლის შედგენაში მონაწილეობდნენ ცნობილი ექსპერტები (მხატვარი და რესტავრატორი) Sandy Mallet და Fabbio Mazzocchini და რომლითაც დადასტურებულია, როგორც ნივთის ავთენტურობა, ისე მისი შექმნის თარიღი – 1760 წელი (ეს უკანასკნელი ემთხვევა თეიმურაზის მოღვაწეობის -1700-1762 წლებს). მუზეუმმა ასევე მიიღო ნახატის სრული დიგიტალური პასპორტიც.

,,დიდი ალბათობით (90 პროცენტიანი) ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს უნიკალურ აღმოჩენასთან, ეს უნიკალურობა კი განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: 1. საქართველოში არ არსებობს ამ ეპოქის ქართველ მეფეთა თანადროული პორტრეტი (იგულისხმება დაზგური ფერწერა) და ამ მხრივ ჩვენი შენაძენი პირველი იქნება 2. თუ საბოლოოდ დადასტურდა რომ პორტრეტის ავტორი დიდი რუსი მხატვარი ა. ანტროპოვია (რასაც ცხადყოფს ტილოს წერის მანერა და სტილისტიკა, მაშინ ნახატის ფასი გაცილებით დიდია, რადგან ამ ეტაპზე ცნობილია ანტროპოვის სულ 12 ტილო და ყველა მათგანი შედევრების ნუსხაშია შეყვანილი.“ – განმარტავს გიორგი კალანდია.

როგორც ცნობილია, კალანდიამ, ნახატის შეძენის მიზნით, მხარდაჭერა მიიღო ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ჯაბა სამუშიასგან, ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის – ლევან თაქთაქიშვილისგან და ხელოვნებათმცოდნე ლელო ჭიჭინაძუსგან.

კომენტარები

კომენტარი