შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისის მუზეუმების გაერთიანება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს შეუერთდა

თბილისის მუზეუმების გაერთიანება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს შეუერთდა. ფესტივალის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში წარმოდგენილი იყო მათი სტენდი, სადაც დღეს, 22 სექტემბერს, 11:00-19:00 საათამდე მისულ სტუმრებს მეთოჯინე ბაჩო ცანავა ასწავლიდა თუ როგორ დაემზადებინათ თოჯინა “ქართული დედოფალა”.

“არტნიუსი” გაესაუბრა თბილისის მუზეუმების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, ნინო ჩხეტიას:

– ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს თოჯინების კონცეფციას თანამედროვე კულტურისთვის?

– სათამაშოები და თამაში კაცობრიობის ასაკს ითვლის და მუდამ აქტუალური იქნება, სანამ ადამიანი არსებობს. თოჯინებისა და სათამაშოების მნიშვნელობა ეს არაა მხოლოდ გართობა, ესაა სამყაროს მიკრომოდელი და დამოკიდებულება. განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის ქართული სათამაშოებისა და თოჯინების ისტორია, რომლის წარმოდგენასაც ვაპირებთ არა ექსპონატების ჩვენებით, არამედ თითოეულ მონაწილეს შეეძლება თვითონ მიიღოს მონაწილეობა სათამაშოებისა და თოჯინების შექმნის პროცესში და საკუთარი დამოკიდებულება შექმნას თამაშთან დაკავშირებით.

– რატომ არის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალზე თქვენი სტენდი წარმოდგენილი?

– თბილისის მუზეუმების გაერთიანების სტრატეგიიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჩვენი მონაწილეობა დღევანდელ ფესტივალში. მუზეუმი არაა მხოლოდ სივრცე, რომელიც კულტურას ინახავს. მუზეუმი ესაა ადგილი, რომელიც მონაწილეობს კულტურასა და მეცნიერებაში და, შესაბამისად, ქმნის კიდეც მათ. თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი მუზეუმების გაერთიანების ნაწილია და სწორედ ამიტომ შეირჩა ფესტივალისთვის. სათამაშოები და თოჯინები თავისთავად შემეცნების ნაწილია, რაც სხვადასხვა ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებითაც იქმნება და ახალ რეალობას ქმნის. ჩვენთან დაცულია უნიკალური ტექნოლოგიით შექმნილი თოჯინები და სათამაშოები, რომელთა უმრავლესობა დღესაც გვანცვიფრებს თავისი ინოვაციური შინაარსით.

– რა პრინციპით აირჩიეთ “ქართული დედოფალა”?

– ნებისმიერ კულტურაში თოჯინასა და სათამაშოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გარდა იმისა, რომ თამაშები წარმოადგენს რეალობის ანარეკლს, თოჯინებს, ხშირად, საკულტო რიტუალური დანიშნულებაც ჰქონდათ. ჩვენთან დაცული ქართული თოჯინები მნიშვნელოვანია ეთნოლოგიური შინაარსითაც. დღევანდელი ვორკშოპის თოჯინები კი სწორედ ამ ნიშნითაა შერჩეული. ერთის მხრივ წარმოდგენილია ტრადიციული კონტექსტი და შინაარსი და მეორეს მხრივ ნაჩვენებია შექმნის პროცესი.

სტატია მოამზადა ლექსო ლობჟანიძემ

კომენტარები

კომენტარი