კულტურა

ქართული ვაზის თემაზე შექმნილი საკოლექციო მონეტების რეალიზაცია დაიწყო

7 ივლისიდან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  ქართული ვაზის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტების რეალიზაცია დაიწყო.

როგორც “არტნიუსს” ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული მონეტის გამოშვებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, 2017 წელს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში დაგეგმილ ღვინის საერთაშორისო გამოფენას ეხმაურება, სადაც საქართველო პირველი საპატიო სტუმარი იქნება.

“მონეტის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ქვევრის სქემატური გამოსახულება პირობითი ჭრილით. მუქი წითელი ფერით გამოსახულია ღვინო ქვევრში. ქვევრს გასდევს ვაზის გამოსახულება. მონეტის რკალს ქვედა ნაწილში წრიულად გასდევს შემდეგი წარწერები: “საქართველო”, “2017”, “GEORGIE”( “საქართველო” ფრანგულ ენაზე), “5 ლარი”.

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მდებარე ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის გრაფიკული გამოსახულება. მონეტის მარჯვენა ზედა ნაწილში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი და ლარის სიმბოლო, ხოლო რკალს წრიულად გასდევს წარწერა ფრანგულ ენაზე “LA GÉORGIE – PREMIER VIGNOBLE INVITÉ DE LA CITÉ DU VIN DE BORDEAUX” (საქართველო – ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრის პირველი საპატიო სტუმარი”,- აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამ ეტაპისთვის სულ დამზადდა ახალი მონეტის 1 500 ეგზემპლარი. საკოლექციო მონეტები  იაპონიის ზარაფხანაში (Japan Mint) მოიჭრა. მონეტის სარეალიზაციო ფასი 60 ლარია და მისი შეძენა შესაძლებელია როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (მის: თბილისი, კახეთის გზატკეცილი N72), ასევე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი