კულტურა

სკოლამდელი, ზოგადი და პროფესიული განათლება – რას ამბობს მინისტრი?

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების სისტემის რეფორმირის ხედვა წარადგინა. მან ისაუბრა სკოლამდელ, ზოგად და პროფესიულ განათლებაზე.

„მნიშვნელოვანია, სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდება და იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც განათლების შემდგომ საფეხურებზე მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება“ – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემის რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

სკოლამდელი განათლების რეფორმა სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად, გულისხმობს ხელმისაწვდომობის ზრდას, ახალ სასწავლო პროგრამებს, გადამზადებულ პედაგოგებს, განათლების სტანდარტის დანერგვას ბავშვის განვითარების ყველა ასაკობრივ ჯგუფში, დამხმარე ელექტრონული რესურსების შექმნას მშობლებისთვის და მათი ინფორმირებულობის ზრდას სკოლამდელი განათლების შესაძლებლობებზე.

გააზრებული სწავლა-სწავლების კულტურა, მოსწავლის პიროვნული განვითარება, როგორც სკოლის მთავარი საზრუნავი, მოსწავლის მზადება სწრაფად ცვალებადი სამყაროსთვის, შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნება, ინკლუზიურობა, ეროვნული და კულტურული ფასეულობები, ინოვაცია და ტექნოლოგიები, როგორც ცოდნის შეძენისა და გაზიარების ინსტრუმენტი, უპირობო პოზიტიური და უსაფრთხო გარემო – ეს არის ის პრინციპები, რასაც ახალი სკოლის მოდელი უნდა ეფუძნებოდეს“ –  ამბობს მიხეილ ბატიაშვილი.

სკოლის ახალი მოდელი ითვალისწინებს სკოლის დირექტორს, როგორც ლიდერს, მართვისა და სწავლების ახალ მოდელებს, გადამზადებულ პედაგოგებსა და განახლებულ ინფრასტრუქტურას, ერთიან სასწავლო და ლაბორატორიულ პლატფორმას და უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს – სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და უსაფრთხო გარემოს შექმნას, რისთვისაც არაერთი პროექტი განხორციელდება.

რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, მინისტრის თქმით, პროფესიული განათლების მიმართულებით სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმის მთავარი ამოცანა რეგიონულ განვითარებაზე ორიენტირებული სწრაფი დასაქმების მოქნილ მოდელზე გადასვლაა, რაც მოკლევადიანი გადამზადების სისტემის შექმნას გულისხმობს.

“ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელი გახდება მხოლოდ კერძო სექტორის მონაწილეობით და სამუშაო რესურსების მოთხოვნა-მიწოდების მაქსიმალური უზრუნველყოფით.

იმისათვის, რომ რეფორმა იყოს შედეგიანი, იგი განხორციელდება ეტაპობრივად, გაწერილი გეგმის მიხედვით. მისი პირველი ეტაპი, რომელიც 2018-2019 წლებს მოიცავს, ითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის გაზრდას კიდევ 13 მუნიციპალიტეტში.” – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი