ლიტერატურა

ამდენი წელი, თუ – მხოლოდ ამდენი, ანუ რემარკის დაბრუნება

დღე, როცა ჰიტლერი კანცლერად აირჩიეს 1933 წლის 31იანვარს, ერიხ მარია რემარკი გერმანიიდან გაიქცა. არა, ის არც ებრაელი იყო და არც კომუნისტი, მაგრამ მისი წიგნები არანაკლებ საშიშად აღიქმეოდა ნაცისტურ გერმანიაში. წლის ბოლოს, მისი „დასავლეთ ფრონტი უცვლელია“ და „დაბრუნება“ აიკრძალა და მათი არსებული ყველა ეგზემპლარი გესტაპოს გადაეცა.

ასეთი ტრაგიკული ბედია ეწია რემარკის არაერთ წიგნს. ისინი დიდი ხნის განმავლობაში დაიმარხნენ ისტორიის წიაღებში. დაკარგული თაობის წარმომადგენლის მიერ დაწერილი წიგნი, დაკარგულ დროზე, დაიკარგა ისტორიის მსვლელობის პროცესში. ბევრმა, დღესაც არ იცის, რომ „დასავლეთ ფრონტი უცვლელია“, „დაბრუნება“ და „სამი მეგობარი“ ტრილოგიაა. ტრილოგია, რომელიც პირველ მსოფლიო ომს სამ ნოველაში ჩაატევს და დაყოფს განვითარების სამ ეტაპად: ომი, როგორც ჯარისკაცის მიერ დანახული საშინელება („დასავლეთ ფრონტი უცვლელია“); ომი, როგორც დაკარგული დრო („დაბრუნება“); ომი, როგორც შემდგომი ცვლილებები და რეაბილიტაციის იმედი („სამი მეგობარი“). მართალია, სამივე თავის მხრივ უნიკალური მნიშვნელობის მატარებელი და ისტორიული დატვირთვის მქონეა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საინტერესო დაკარგული დროის იდეა აღმოჩნა. შეიძლება იმიტომ, რომ მთავარი პერსონაჟი, ერნსტი, ჩემი ასაკის ჯარისკაცია და ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებული პრობლემები, აზრები და მსოლფმხედველობა აქვს; ან იმიტომ, რომ ეს ნოველა ემოციურად ყველაზე დატვრთული აღმოჩნდა; ან სულაც ისაა მიზეზი, რომ ამ წიგნის წაკითხვამდე ვერ ვხვდებოდი, რატომ იყო ომი „პარალელური სამაყრო“.

ომი და დრო გამიჯნულია ერთმანეთისგან. „დაბრუნება“ იწყება იქ, სადაც მთავრდება „დასავლეთ ფრონტი უცვლელია“, ანუ, ომის დინამიურობიდან გადავდივართ სახლში დაბრუნებაში, უმოქმედობაში და გზა, რომელიც ამ ორს შორისაა გასავლელი კილომეტრებში სულაც ვერ გაიზომება, რადგან ამ გზის სრულყოფილად გავლა შეუძლებელია, შეუძლებელია სრულყოფილად დაბრუნება. როგორც პარალელური სამყარო, ომიც არ კვეთს რეალური ცხოვრების მსვლელობის არეალს. ის ცალკე, დამოუკიდებელ პლათფორმაზე ვითარდება, თითქოს თანადროულად, მაგრამ მაინც გამიჯნულად – „ომის ერთი წელი მეორეს ემატებოდა, ერთი უიმედობის წელი – მეორეს, და ჩვენ არ ვიცოდით, რა უფრო საოცარი იყო, ამდენი წელი რომ გასულიყო უკვე, თუ – მხოლოდ ამდენი“. ომი ყოველთვის რაღაც შორეულია, ყოველთვის და ყველასთვის. ჯარისკაცებიც კი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ომში, ესმით არტილერიის ყრუ ხმაური, ტყვიამფრქვევების ხმა და არა, მათთვისაც კი შორეულია ომი – „…მაგრამ ამ ხმებს კარგა ხანია შეჩვეულები ვართ, ამისთვის პირის გაღებაც არ ღირს.“ დროის აღქმა იკარგება, მას ომი ანადგურებს. ერნსტი საბოლოოდ, სანატრელ სახლში ბრუნდება, მაგრამ მასთან ემოციურ კავსირს ვეღარ გრძნობს. ამ კავშირს კარგავს დედამისიც, როცა არ ესმის, მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი მხოლოდ და მხოლოდ თინეიჯერია, ომის გამო ძალიან სწრაფად გაიზარდა, ასაკთან შეუფერებლად. არც ერნსტისთვის აღმოჩნდა დაბრუნება მარტივი, არადა სახლი ზუსტად ისეთივეა, როგორიც დატოვა. არაფერი შეცვლილა, მხოლოდ თავად გახდა სხვა ადამიანი.

ეს წიგნი არის გაუცხოება, ჩავარდნა დროში, წასვლა და არასდროს დაბრუნება ბოლომდე. გენიალურია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამდენ სერიოზულ თემას სულ რაღაც სამას გვერდში ატევს, არა იმიტომ, რომ ავტორი ადამიანის სულში იხედება და სიუჟეტს ფსიქოლოგიურ, შინაგან სამყაროში ავითარებს, არამედ, იმიტომ, რომ ეს ნოველა არის შემაკავშირებელი რგოლი ტრაგედიასა და კომედიას შორის, ნგრევასა და შენებას შორის, ომსა და მშვიდობას (თუნდაც მოჩვენებითი იყოს) შორის. კონკრეტულად ეს ნოველაა ტრილოგიის კულმინაცია, მენტალური გარდატეხა, აღორძინება. აღსანიშნავია მომენტი, როდესაც ერნსტი თავის თავში ახალ ძალას ეძებს. მის გარშემო უბედურების გარდა არაფერი ხდება, ოჯახთან გაუცხოებულია, სახელმწიფო არაფერს აკეთებს ჯარისკაცების ხვედრის შესამსუბუქებლად, ომიდან დაბრუნებულები ან თავს იკლავენ ან დეპრესიას ალკოჰოლში ახრჩობენ… ერნსტი კი ამ ყველაფერს არ დანებდება, მასწავლებლობაზე ხელს აიღებს და იპოვის ძალას ცხოვრება ახლიდან დაიწყოს და საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდეს. ეს ნოველა სიუჟეტურად ძალიან ჰგავს ერნესტ ჰემინგუეის „მშვიდობით იარაღოს“, თუმცა შეცვლილი პარადიგმით – პერსონაჟი უბრუნდება ჩვეულ რიტმს და არ იძირება დეპრესიაში.

„დაბრუნება“ ამტკიცებს იმას, რომ ომმა ის ახალგაზრდებიც გაანადგურა, რომლებმაც მის ნაღმებს დააღწიეს თავი. ფაქტი, რომ წიგნი ნახევრად ავტობიოგრაფიულია თვითონ რემარკმაც დაადასტურა 1929 წლის ინტერვიუში – „წიგნი, რომელსაც ახლა ვწერ, აღწერს ცხოვრებაში დაბრუნები გზას. ჯარისკაცები, რომლებმაც ჩემსავით, ახალგაზრდობაში გადაიტანეს ომი, რომლებიც დღემდე ატარებენ მის იარებს, მაგრამ საბოლოოდ მაინც პოულობენ გზას ცხოვრების ჰარმონიისკენ.“ გასაოცარია, რომ იმ ცხოვრების მიუხედავად, რომლითაც რემარკმა იცხოვრა, მისი წიგნების უმეტესობა ჰუმანისტურია. მარტივად შეიძლება ითქვას, რომ ისინი იმ დროის გერმანული ლიტერატურის კლასიკური მაგალითებია, რომლებიც პაციფისტური სულისკვეთებითა და შეფარული პოზიტივითაა განმსჭვალული. არც „დაბრუნებაა“ გამონაკლისი – წიგნის ბოლოს გაზაფხული მოდის, ახლად დაბადების, გამოღვიძების და გადასხვაფერების დრო. „შეიძლება, ხშირად მომიწიოს აბგის აღებამ, მიუხედავად იმისა, რომ მხრები დაღლილი მაქვს; ხშირად ვიყოყმანებ გზაჯვარედინებსა და საზღვრებზე, რაღაცის დატოვება მომიწევს, წავიბორძიკებ და დავეცემი, მაგრამ ისევ ავდგები, არ გავჩერდები. მინდა, წინ წავიდე და უკან არ მოვიხედო“ – ასეთია ჭეშმარიტი დაბრუნება – სიცოცხლეში დაბრუნება.

 

თეა მიქაძე

კომენტარები

კომენტარი