ვიზუალური ხელოვნება

იყო თუ არა საბჭოთა კავშირში სექსი? (ფოტომასალა)

თანამედროვეობაში ყველა საბჭოთა მითების დამსხვრევაზე ვართ გადასული, თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დღევანდელ რეალობაშიც არსებობს მითები საბჭოთა კავშირის შესახებ.

არ არსებობს პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც გაგონილი არ აქვთ შემდეგი ფრაზა: „საბჭოთა კავშირში სექსი არ იყო“. ეს უკანასკნელი პერესტროიკის პერიოდში, ტელეკონფერენციაზე ერთ–ერთმა ქალმა გააჟღერა, თუმცა ნაკლებმა თუ იცის ამ გამონათქვამის ნამდვილი შინაარსი და კონტექსტი. სინამდვილეში, ქალი მხოლოდ და მხოლოდ იმას გულისხმობდა, რომ მათ სექსი არ აქვთ ტელევიზორში.

რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირში ყოველთვის იყო ტაბუდადებული სექსის აურა, მაგრამ, პარალელურად, არანაკლები სექსი და „გარყვნილება“ გვხვდებოდა დღევანდელთან შედარებით, თუმცა აწყმოსგან განსხვავებით, საბჭოთა პიროვნება ამაზე არ საუბრობდა. გამომდინარე იქიდან, რომ 1924 წელს უკვე შემუშავებულ იყო სექსუალური ქცევის კოდექსი, რომელშიც მსგავსი შინაარსის მუხლები გვხდებოდა:

მუხლი 1: პროლეტარიატს შორის სქესობრივი ცხოვრება ადრეულ ასაკში არ უნდა დაიწყოს.

მუხლი 2: აუცილებელია ქორწინებამდე სქესობრივი მოთხოვნილების შეკავება. ქორწინება კი სოციალურ და ბიოლოგიურ მომწიფების პერიოდში, 20–25 წლის ასაკშია დასაშვები.

მუხლი 8: ყოველი სქესობრივი აქტისას გახსოვდეთ, რომ შეიძლება ბავშვი გაგიჩნდეთ – საერთოდ, ამ დროს იფიქრეთ შთამომავლობაზე.

შეიძლება ითქვას, რომ 20–იანი წლების საბჭოთა კავშირში იქმნებოდა ყველაზე თავისუფალი სექსის პროექტები, თუმცა შედარებით გვიან, მაშინ, როცა ხელოვნებაში სოციალისტური რეალიზმი გაბატონდა, ადგილი აღარ დარჩა ეროტიკას. მეტიც, სექსი და ძალადობა ძალიან ანტისაბჭოურ კონცეფციებად განიხილებოდა.

მიუხედავად ამისა, მაინც საბჭოთა კავშირის პერიოდში შეიქმნა უამრავი ეროტიკული ფილმი, ლიტერატურა, მხატვრობა, მათ შორის, ფოტოგრაფიაც, რომლის ერთ–ერთი თვალსაჩინო მაგალითი ნიკოლაი ბახარევია.

ნიკოლაი ბახარევი 1946 წელს რუსეთში, სიბერიაში დაიბადა. მას მშობლები 4 წლის ასაკში დაეღუპა და დაობლდა. ის მექანიკოსად მუშაობდა იქამდე, სანამ თვითნასწავლი ფოტოგრაფი გახდებოდა. ის აღმოსავლეთ რუსეთში, მონღოლეთთან ახლოს გაიზარდა და სიბერიაში მოღვაწეობდა.

ბახარევი 60–70–იანი წლების განმავლობაში არალეგალურ საქმიანობას ეწეოდა და შიშველ სხეულებს იღებდა დაწყებული სანაპიროს ფოტოგრაფიიდან დამთავრებული ნიუმდე.

აღსანიშნავია ბახარევის ინდივიდუალიზმი ფოტოხელოვნებასა და ეროტიკაში. თავადვე ამბობს, რომ სიშიშვლის შემოტანით საზოგადოებრივი მორალიდან ინდივიდუალური მორალისკენ მივდივართ. შიშველი ქალის ნატურა ფოტოგრაფისთვის არასდროს იყო ესთეტიკური კატეგორია, იგი მას, როგორც სოციალურ დოკუმენტსა და ისტორიულ ფაქტს განიხილავდა.

„მე არასდროს მყოლია მოდელები, მე უბრალო, ადგილობრივ გოგოებთან ვმუშაობდი, რომლებიც საერთო საცხოვრებლიდან იყვნენ. ეს უბრალოდ სამუშაოა, ეს ჩემი საქმე და არსებობის ფორმაა“ – ამბობს ბახარევი.

ყველაზე პარადოქსული და გასაოცარი კი ისაა, რომ მიუხედავად ინდივიდუალისტური მისწრაფებებისა, იგი პროლეტარული კულტურით მაინც ამაყობს, რაც მის შემოქმედებაშიც გამოიხატება.

დაათვალიერეთ ალბომი:

navigate_before
navigate_next

 

 

კომენტარები

კომენტარი