შემოქმედებითი ინდუსტრიები

სექტემბერში ყველა სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი შეიცვლება

სახელმწიფო პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს, კანონით განსაზღვრული ოთხწლიანი ვადა სექტემბერში ეწურებათ. კულტურის სამინისტრომ ახალი სამხატვრო ხელმძღვანელები 23 თეატრში უნდა შეარჩიოს. მათ შორისაა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

რობერტ სტურუა ამბობს, რომ კანონი თეატრების შესახებ არ მოსწონს და არც სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევის წესს ეთანხმება.

„თეატრი არის ის ორგანიზაცია, სადაც კანონები არ მუშაობს, არ მოქმედებს და მაინც ისეა ყველაფერი, როგორც თეატრში უნდათ. თეატრი დემოკრატიისა და თავისუფლების ადგილია. თუ თეატრის ხელმძღვანელი მართლა ღირსია და რაიმეს წარმოადგენს, ეს დემოკრატია მაშინ პატარა დიქტატურას ემსგავსება. ტოვსტონოგოვი ამბობდა, რომ თეატრში არის ნებაყოფლობითი დიქტატურა. მსახიობები როცა ირჩევენ სამხატვრო ხელმძღვანელს, ისინი უნდა ექვემდებარებოდნენ მას, მაშინაც კი როცა ის შეიძლება ცდებოდეს”, – განაცხადა რობერტ სტურუამ.

რობერტ სტურუას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მას მომდევნო ოთხი წლით, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად არ აირჩევენ, ეს მისთვის ტრაგედია არ იქნება, თუ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას – დათანხმდება.

„პროფესიული თეატრების შესახებ“ კანონი სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატის პირდაპირ არჩევნებს არ ითვალისწინებს. კონკურსანტებს სარეკომენდაციო 7 კაციანი საბჭო განიხილავს და რეკომენდაციას კულტურის მინისტრს წარუდგენს.

კონკურსის პირობები და კრიტერიუმები 10 დღის განმავლობაში გამოქვეყნდება. საბუთებისა და 4 წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენა კი კონკურსანტებს აგვისტოს ბოლომდე შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი