არტ მენეჯმენტი კინო

კინოცენტრის საგანგებო განცხადება: ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის შესარჩევ კომისიაში ცვლილებაა

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის შესარჩევ კომისიაში ორი წევრი შეიცვლება:

“ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის შესარჩევი კომისიის ორმა წევრმა – კოტე ჯანდიერმა და ლევან კიტიამ ეროვნულ კინოცენტრს მიმართეს თხოვნით, რომ ინტერესთა კონფლიქტის გამო უმჯობესია დატოვონ კომისია. მიზეზი რეჟისორ მარიამ ხაჭვანის მომავალი დოკუმენტური ფილმია, რომლის პროდიუსერები სწორედ კოტე ჯანდიერი და ლევან კიტია იქნებიან. ამის გამო კომისიას ორი ახალი წევრი ჰყავს, ესენი არიან: რეჟისორი – მერაბ კოკოჩაშვილი და მხატვარი – გოგი მიქელაძე.

შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამარჯვებული ფილმი გამოვლინდება, რომელიც წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გახდება.

4 ივლისს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 3 აგვისტოს დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიისა და ეროვნული კინოცენტრის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შემოვიდა 6 განაცხადი. შესაბამისად, ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 6 ქართული ფილმი იბრძოლებს:

• „ხიბულა” – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
• „ნამე” – რეჟისორი ზაზა ხალვაში
• „ჰორიზონტი” – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი
• „დედე” – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი
• „ექვთიმე ღვთისკაცი” – რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე
• „ჰამლეტი” – რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი.” – ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი