შემოქმედებითი ინდუსტრიები

12 ივლისს მცხეთის ახალ ნავსადგურში ფესტივალი “Art-გენი” გაიმართება

12 ივლისს მცხეთის ახლადგახსნილ ნავსადგურში, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ფესტივალი “Art-გენი” გაიმართება. ნავსადგურის ტერიტორიაზე დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვის გამოფენები: გამოფენა “მე-19 საუკუნის ქართველთა თვალით დანახული ევროპა” და ფოლკლორული კონცერტი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. დღის ბოლოს ფესტივალის რეგიონული ტურნე მცხეთის ნავსადგურში „ თსუ გორდელას“ და Asea Sool-ის სოლო კონცერტით დაიხურება.

ფესტივალი  “Art-გენი –  2017”  სტარტს 10 ივლისს სურამში აიღებს  სტარტს და  ტრადიციულად თბილისის ტურით, 17-24 ივლისს დასრულდება.

“არსებობის 14 წლიანი ისტორიის განმავლობაში   ფესტივალი “Art-გენი”  ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე საავტორო, ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული, თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. ამიტომ, რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით ვარჩევთ  ფესტივალის ლოკაციებს.   შემთხვევითი არაა, რომ წელს ერთ-ერთ რეგიონად იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული მცხეთა, კონკრეტულად კი მცხეთის ახალი ნავსადგური შეირჩა, რომელიც მცხეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს”,- აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

“Art-გენი 2017”-ის თბილისის ტურს ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე 17 ივლისს სოფი ვილი გახსნის . 18 ივლისს “Art-გენის” სცენაზე ასევე პირველად წარსდგება ჯგუფი Asea sool. 19 ივლისს ფესტივალის მსმენელისთვის რობი კუხიანიძე იმღერებს „აუთსაიდერ“ -თან ერთად. 20 ივლისს – ჯგუფი „რეგიონი“.  21 ივლისს  – ჯგუფი „ფრანი“. 22 ივლისს “Art-გენის” სცენა ნინო ქათამაძეს და „ინსაითს“ დაეთმობა. 23 ივლისს კი ნიაზ დიასამიძეს და „ 33ა“ -ს. “Art-გენი 2017”  24 ივლისს “სუხიშვილების” კონცერტით დაიხურება.

ერთი კვირის  განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენები; რეგიონების ფოლკლორული კონცერტები და „შავფაროსნების“ საჩვენებელი შოუ; ჰამაკების ზონა და ქართული სამზარეულო.

კომენტარები

კომენტარი