კინო საშემსრულებლო ხელოვნება

ლუკა ლებანიძე – კომპოზიტორი, რომელიც ფილმებისთვის საუნდტრეკებს წერს

“არტნიუსს” ერთი წლის წინ ინტერვიუ ჰქონდა ლუკა ლებანიძესთან, რომელიც მიდიოდა ბერკლის სამუსიკო კოლეჯში კინოსა და ვიდეოთამაშების მუსიკის მაგისტრატურაში სასწავლებლად. ახლა ლუკა დაბრუნდა საქართველოში და გთავაზობთ ინტერვიუს, სადაც ის გვესაუბრებეა მის გამოცდილებაზე, ამჟამინდელ მოღვაწეობასა და სამომავლო გეგმებზე:

– Berklee College of Music-ის მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, ერთი თვეა, რაც დაბრუნდი საქართველოში, რას აკეთებ, რა გეგმები გაქვს?

– მივიღე მაგისტრის წოდება, როგორც კინოსა და ვიდეოთამაშების მუსიკის კომპოზიტორი. ახლა მუსიკას ვწერ ესპანური კომპანიის ვიდეოთამაშისთვის. პარალელურად, შესაძლებლობა მომეცა ჩამოვაყალიბო ორკესტრი, რომელიც ჩაწერს მუსიკას კინოს, თამაშებისთვისა და სხვა მედიისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ორკესტრი გვქონდეს საქართველოში და ამაზე ვმუშაობ აქტიურად.

– რა სირთულეებია კინოსთვის საუნდტრეკის წერისას?

– ლამაზი მუსიკის წერა ადვილია – ხოლო ვიზუალზე წერა ურთულესია. ყველა შენმა გადაწყვეტილებამ, რომელსაც აკეთებ, უნდა გააძლიეროს თითოეული ფრეიმი კადრიდან. რას უნდა დაემთხვეს მუსიკა, რას არა. სად უნდა აფეთქდეს. სად დაიფაროს სხვა საუნდ ეფექტებით. ჩემმა თანაკურსელმა ლორენს ჩუიმ კარგად თქვა, მუსიკამ უნდა ისუნთქოს ვიზუალთან ერთადო.

კომპოზიტორი უნდა ჩაწვდეს რეჟისორის ჩანაფიქრს. იმის მაგივრად, რომ მუსიკამ ბრმად იმეოროს მოვლენები ეკრანზე (“ამიკიმაუსოს” ანუ სევდიან სცენას – სევდიანი მუსიკა, გმირულ საქციელს – საყვირები, საშინელებათა ფილმს აშლილი პიანინო და ა.შ) კომპოზიტორმა უნდა გაიაზროს, თუ რისი თქმა უნდა რეჟისორს სინამდვილეში – რა მიმართულებით მიყავს ფილმი? კი, ხშირად მუსიკის როლი სცენის ემოციის გაძლიერებაა მაგრამ ზოგჯერ მუსიკა ქვეტექსტი უნდა იყო  ან ფონი, ზოგჯერ საერთოდ მუსიკა არ არის საჭირო. ამიტომაც, მირჩევნია შევხდე რეჟისორს, გავესაუბრო მას და გავიგო მისი ჩანაფიქრი, ამის შემდეგ წავიკითხო სცენარი და შემდგომ რეჟისორთან ერთად მუშაობა დავიწყო ფილმზე.

დღევანდელი პრობლემაა, რომ კინოს სკოლებში მომავალ რეჟისორებს არ ასწავლიან კომპოზიტორთან ერთად მუშაობას. მუსიკა რეჟისორისთვის მნიშვნელოვანი რესურსია, თუ რეჟისორმა გადაწყვიტა ვიზუალის მუსიკით ხაზგასმა – ახალი საუნდტრეკი უნდა დაიწეროს, რადგან ყოველი კონტექსტი უნიკალურია. მირჩევნია ყოველი ახალი პროექტისთვის ახალი ჟღერადობა შევქმნა, საუნდების ბიბლიოთეკა ცოცხლად შევასრულებინო მუსიკოსებს.

– რა არის შენი მუსიკალური ინსტრუმენტი?

– კომპიუტერი (თუმცა პიანისტი ვარ). კომპიუტერით შეგიძლია საუნდი არაფრისგან შექმნა, წარმოსახვაში რაც გესმის, პირდაპირ ის გააგებინო მსმენელს, მაგრამ ისიც არის სათქმელი, რომ ცოცხალი შემსრულებლების იმიტაცია კომპიუტერით კარგი არასდროს გამოვა და არც აქვს აზრი – კომპიუტერი უკვე მოიაზრება, როგორც ინდივიდუალური ინსტრუმენტი, თავისი შესაძლებლობებით.

ბერკლიში როცა ჩავედი, მივხდი, რომ ტექნოლოგია ჩემი სიძლიერე იყო. კურსელები ერთმანეთს ვავსებდით, ყველა კომპოზიტორი რაღაც უფრო სფეროში დახვეწილი იყო – უამრავი რამე ვისწავლეთ ერთმანეთისგან, რაც ძალიან მაგარი იყო.

ორკესტრისა და სინთეზატორების გარდა მიყვარს, ეთნიკური საკრავები და ინსტრუმენტების შექმნა, მაგალითად, ახლა ქვევრიდან ღვინის ამოსაღები გოგრისგან, ხრიკისგან სიმებიან საკრავს ვაკეთებ.

– ამ ვიდეოზე შენს მუსიკას ასრულებს 50 კაციანი ორკესტრი, რომელსაც შენ თვითონვე დირიჟორობ, როგორია შენი შეგრძნება ამ დროს? ასევე გვითხარი, სად შეიძლება შენი სხვა კომპოზიციების მოსმენა?

ეს ჩემი მაგისტრატურის დამასრულებელი ნაშრომია, რომელიც ლონდონში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სტუდიაში Air Studios-ში ჩავწერეთ. ეს მუსიკა წინასწარ მოცემული სცენარის მიხედვით დავწერე. ძალიან დიდი ბედნიერება იყო, ასეთი დონის შემსრულებლებთან ჩემი ნაწარმოები აქამდე არასდროს ჩამიწერია –  ნოტების პირველივე წაკითხვიდან ისე დაუკრეს თითქოს ამ ნაწარმოებს ყოველთვის უკრავდნენ. ჯერ დახუნძლული არ ვარ დირიჟორობაში, მაგრამ ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე, სხვანაირად გავიაზრე ორკესტრი.

ჩემი სხვა ნაშრომების მოსმენა შეგიძლიათ ჩემს ვებსაიტზე– www.lebanidze.com.

როგორი იყო სწავლა, რა ისწავლე და როგორი გარემოში მოგიწია მოღვაწეობა?

– ძალიან ინტენსიური და საინტერესო წელი იყო. ყოველ ორ კვირაში ერთხელ ჩაწერა გვქონდა. ძალიან მაგარია, როცა უსმენ შენს მუსიკას საუკეთესო მუსიკოსების შესრულებით, მათი რჩევებით ძალიან ბევრი ვისწავლე. ვისწავლეთ გაორკესტრება, სხვადასხვა სინთეზატორი, VR-ისთვის საუნდი, ბიზნესი, ასევე გვასწავლეს, როგორ მოვამზადოთ ორკესტრის ჩაწერის სესიები, ნოტები მუსიკოსებისთვის, რომ კომფორტულად შეძლონ წაკითხვა.

სასწავლო გარემო ძალიან კარგია. კამპუსი ძალიან მაგარია. კურსზე სულ 28 მოსწავლე ვიყავით მსოფლიოს 18 ქვეყნიდან. ბერკლი სასწავლოდ იღებს, რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობის სტუდენტს, რათა პროფესორებს სტუდენტებისთვის შეეძლოთ მეტი დროის მიძღვნა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მანდ მაგისტრატურაში მესწავლა. დღემდე ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი, ლამაზი და რთული წელი იყო. ბევრ შესანიშნავ ადამიანს დავუმეგობრდი, ძალიან მომენატრება ყველა. მაგრამ თანაკურსელები და პროფესორები შევთანხმდით, რომ მომავალში გავაგრძელებთ საქმიან ურთიერთობას და მეგობრობას.

– მადლობა ლუკა, რამის დამატება ხომ არ გსურს?

კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა განთალების საერთაშორისო ცენტრს, რომელმაც შემიწყო ხელი და დააფინანსა ჩემი ბერკლის სამუსიკო კოლეჯის მაგისტრატურაში სწავლა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი