შემოქმედებითი ინდუსტრიები

Black Sea Arena-ზე ქეთი მელუას კონცერტის ბილეთის ფასი 20 ლარიდან დაიწყება

23 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი  ქეთი მელუა კონცერტს გამართავს. გრანდიოზული შოუ პროექტ Check in Georgia-ს  ფარგლებში ტარდება.  კონცერტზე დასასწრები   ბილეთების ფასი 20 ლარიდან დაიწყება, საშუალო ღირებულება კი  30-35 ლარი იქნება. VIP დარბაზებისთვის განკუთვნილი ბილეთები 120 ლარად გაიყიდება

“ზაფხულის დღესასწაული“, – ასე ეწოდება შოუს, რომლითაც ქეთი მელუა ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგება.

ქეთი მელუას აკომპანირებას გაუწევს ინგლისური ბენდი (Tim Harries – ბასგიტარა, Mark Edwards – კლავიში, Simon Lea – დასარტყამი ინსტრუმენტი, Paul Sayer – გიტარა). სპეციალური მოწვევით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს გორის ქალთა კაპელა.

იმისათვის, რომ შშმ პირებმა ქეთი მელუას კონცერტზე დასწრება ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე შეძლონ, მათი  ბილეთი კონცერტზე  დამატებით  ერთი თანმხლები პირის დასწრებას ითვალისწინებს.  თანმხლები პირი შშმ პირის მიმდებარედ განთავსებული ადგილით ისარგებლებს.

ქეთი მელუას კონცერტის ჩატარება სახელმწიფო ბიუჯეტს 350 000 ლარამდე უჯდება. როგორც Black Sea Arena-ს დირექტორმა ანი კავლელიშვილმა განაცხადა, აღნიშნული თანხა პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

“პროექტის ღირებულება 350 000 ლარამდეა. ამ თანხაში შედის ყველა ის საორგანიზაციო საკითხი, რომელიც კონცერტთან დაკავშირებით იქნება მოსაგვარებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბილეთის ფასი ლოიალური ყოფილიყო, რაზეც ვარსკვლავთან შეთანხმებას მივაღწიეთ – ბილეთების ფასი 20 ლარიდან დაიწყება, საშუალო ღირებულება 30-35 ლარი იქნება. VIP დარბაზებისთვის განკუთვნილი ბილეთები კი, 120 ლარად გაიყიდება“, – განაცხადა ანი კავლელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი