შემოქმედებითი ინდუსტრიები

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიამ წელს მუშაობა დაასრულა

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიამ მუშაობა დაასრულა. პროექტი წელს უკვე მესამედ ჩატარდა. 2 კვირის განმავლობაში თბილისსა და ბათუმში არაერთი კონცერტი, მასტერკლასი, სემინარი და ვორქშოფი ჩატარდა.

აკადემიის 2017 წლის ნაკადისთვის სულ 17 ახალგაზრდა შეირჩა. წლევანდელ პროექტში წარმოდგენილი იყო პიანინოს, კლარნეტის და ვიოლინოს მიმართულებები. აკადემიის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი შორენა ცინცაბაძე აცხადებს, რომ მთლიანობაში MISA-2017-მა ნაყოფიერად ჩაიარა.

“ვფიქრობ, ძალიან საინტერესოდ ჩაიარა ყველაფერმა და კმაყოფილები არიან ჩვენი მონაწილეებიც და მოწვეული პროფესორებიც. გვქონდა საკმაოდ დატვირთული გრაფიკი – ძალიან ბევრს ვმუშაობდით ბავშვებთან ერთად, ვუზიარებდით მათ გამოცდილებას, უტარდებოდათ მასტერკლასები, ჰქონდათ ლექციები. გარდა ჩამოთვლილი საქმიანობისა, იმისათვის, რომ  ჩვენი პროექტის მონაწილეებს ცოტა განტვირთვის საშუალებაც ჰქონოდათ, დაიგეგმა ექსკურსია-ლაშქრობა; ასევე, საინტერესო ტური “სარაჯიშვილის” კონიაკის მწარმოებელ ქარხანაში, სადაც ისინი გაეცნენ თუ როგორ ჩამოყალიბდა ეს უძველესი ბრენდი და განვითარების რა ეტაპები გაიარა. ჩვენს მონაწილეებს დილის გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს უტარებდა სპორტის  სამინისტროდან  გამოყოფილი ტრენერი. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა. იმედი მაქვს, მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტად დავიხვეწებით, უფრო მეტად მრავალფეროვანი იქნება ჩვენი პროექტი და უფრო საინტერესო პროგრამას შევთავაზებთ ახალგაზრდა მუსიკოსებს. ასევე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ სამომავლოდ მაინც მოხერხდება სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მსგავსი პროექტების მხარდაჭერა, ვინაიდან ამის გარეშე ძალიან რთულია ამ მასშტაბის ღონისძიების ჩატარება – უამრავი დაბრკოლება და ფინანსური ბარიერია, რომელთა გადალახვაც საკუთარი ძალებით გვიწევს”,- განუცხადა “არტნიუსს” შორენა ცინცაბაძემ.

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის ფარგლებში, საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდნენ მსოფლიო დონის მუსიკოსები: მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი, 10 საუკეთესო კლარნეტისტს შორის შესული არტურ ნაზიულინი; გერმანიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინე ნანა იაშვილი და მოსკოვში მოღვაწე პიანისტი ნინო ბარკალაია.

MISA – 2017 16 ივნისს თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გალა-კონცერტით გაიხსნა, 20 ივნისიდან კი მონაწილეები და მოწვეული პროფესორები ბათუმში გაემგზავრნენ. ზღვისპირა ქალაქში აკადემიის  აქტივობებმა 28 ივნისამდე გასტანა.

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია ბათუმის მერიის ნაწილობრივი დაფინანსებით ჩატარდა. მოწვეული პროფესორებისთვის სპეციალური პრიზი დააწესა “სარაჯიშვილის სახლმა”, რომელიც საუკუნეზე მეტია მომხმარებელს აერთიანებს სიახლისა და სიძველის უნიკალური სინთეზის ირგვლივ. 133 წლის უწყვეტი გამოცდილებისა და მუდმივი შემოქმედების წყალობით თაობიდან თაობას გადაეცა ღვინის ბრენდის დამზადების კლასიკური მეთოდები და ინოვაციის სიყვარული.

ასევე, უცხოელ პროფესორებს და აკადემიის მონაწილეებს ეკოლოგიურად სუფთა ქართული სოფლის ნაწარმის მაღაზია „ხურჯინმა“ ტკბილეული, სასმელები და სხვა სახის ნუგბარი გადასცა.

ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდები წიგნებით დააჯილდოვა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამაც. მოწვეულ პროფესორებს ექსკლუზიურად მათთვის ჩამოსხმული, უძელესი დიზაინის საფირმო პროდუქცია გადასცა კომპანია „ბორჯომმა“.

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის მხარდამჭერი და უცვლელი პარტნიორია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი