შემოქმედებითი ინდუსტრიები

ევროპის ფესტივალების ასოციაციის კონკურსზე 4 ქართული ფესტივალი დააჯილდოვეს

თბილისში ევროპის ფესტივალების ასოციაციის “EFEE LABEL 2017-2018” პროგრამა შეჯამდა და  გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.  საქართველოდან ევროპის რჩეული შემდეგი 4 ფესტივალი გახდა:

1. ანიმაციურიფილმების საერთაშორისო  ფესტივალი – „ნიქოზი“;
2. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი – „საჩუქარი“;
3. თბილისის საერთაშორისო  თეატრალური ფესტივალი;
4. ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი;

ფესტივალების ასოციაციის, მისი მნიშვნელობისა და მიზნების შესახებ “არტნიუსს” დეტალურად პროექტის კოორდინატორი ანა კვინიკაძე ესაუბრა.

–  რას გულისხმობს “EFFE Label” და რა არის აღნიშნული პროგრამის მთავარი მიზანი?

  • EFFE(„ევროპა ფესტივალებისთვის, ფესტივალები ევროპისთვის“) არის ევროპული ფესტივალების ასოციაციის (EFA) ინიციატივა, რომლის თანადამფინანსებელიც არის ევროკავშირი. „EFFE Label“ არის ხარისხის განმსაზღვრელი ნიშანი ფესტივალებისთვის,  რომელიც სთავაზობს მათ საერთაშორისო აღიარებას მთელი ევროპის მასშტაბით.

    EFFE Label 2015-2016 პირველმა გამოშვებამ  31 ქვეყნის 761 ფესტივალს მიანიჭა ხარისხის განმხაზღვრელი ნიშანი (EFFE Label)  და  მათ შორის დააჯილდოვა 12 მოწინავე  – „მიმართულების მიმცემი (trend-setting)”  ევროპული ფესტივალი, EFFE-ის  სპეციალური ჯილდოთი (EFFE Award).  EFA მიიჩნევს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ევროპული ფესტივალებისთვის, რომ იყვნენ აღიარებულნი კოლეგებისგან და ევროკავშირისგან, მათი გამორჩეული მხატვრული ხარისხისა და საზოგადოების ჩართულობის მხრივ.

    “2017-2018 EFFE Label” – პროგრამის ფარგლებში, 715 ფესტივალმა 39 ქვეყნიდან მიიღო ლეიბლი, როგორც ნიშანი ევროპის გამორჩეული ფესტივალისა. 2017-2018 წლის პროგრამაში საქართველო პირველად იღებდა მონაწილეობას. ევროპის ფესტივალების ასოციაცია (EFA) კი გახლავთ მთავარი გამაერთიანებელი ორგანიზაცია ევროპის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ წარმოადგენს ასამდე ფესტივალს, ეროვნული ფესტივალის ასოციაციებსა და 40 ქვეყნის კულტურულ ქსელებს. პროგრამა, ინიცირებული იყო ევროპის ფესტივალების ასოციაციის მიერ 2014 წელს, იმისთვის რომ განსაზღვრულიყო თუ რომელი ფესტივალი ახორციელებს ყველაზე ინოვაციურ და შთამბეჭდავ საქმიანობას და ქმნის კოალიციას იმ ფესტივალებთან, რომლებიც იზიარებენ მსგავს ამბიციებს, იმასთან კავშირში რომ აუდიტორიამ იფიქროს იმ მსოფლიოზე სადაც ცხოვრობს.

    – თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველო წელს პირველად იღებდა მონაწილეობას პროგრამაში. რამდენმა ფესტივალმა მიიღო ხარისხის განმსაზღვრელი ნიშანი საქართველოდან და რამდენად მნიშვნელვანია ეს ჩვენთვის?

    – თქვენ სწორად აღნიშნეთ, ეს წარმატება არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ კონკრეტული ფესტივალებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. საქართველოდან პირველად, მხოლოდ ოთხმა სახელოვნებო ფესტივალმა მიიღო ხარისხის განმსაზღვრელი ნიშანი, ლეიბლი, რაც მათი საერთაშორისო აღიარების გარანტია და ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წარმატება. საქართველოდან ევროპის რჩეული ფესტივალები გახდნენ:

    1) ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი – „ნიქოზი“;
    2) მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი – „საჩუქარი“;
    3) თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი;
    4) ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი;

    პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა/დაჯილდოვება გაიმართა „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ საკონფერენციო დარბაზში, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით. მინდა შეგახსენოთ, რომ ლეიბლის კონკურსი ტარდება ევროკომისიის ოფიციალური მხარდაჭერითა და ინიციატივით.შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში -კაიდო სირელი (პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე), რომელმაც პირადად დააჯილდოვა გამარჯვებული ფესტივალები საქართველოდან და გადასცა მათ ოფიციალურად სერთიფიკატები.

–  რომელი ორგანიზაცია წარმოადგენს საქართველოში აღნიშნულ პროგრამას და იგეგმება თუ არა პროგრამის გაგრძელება მომავალშიც?

– ევროპის ფესტივალების ასოციაციის საქართველოს EFFE HUB-ის წარმომადგენლობა გახლავთ ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდი  – „კავკასია“, რომლის პრეზიდენტიც არის ლევან ხეთაგური. სწორედ ის გახლავთ პროგრამის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. რასაკვირველია პროგრამა გაგრძელდება მომავალშიც და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოდან ფესტივალები უფრო აქტიურად ჩერთვებიან მომავალი წლის პროგრამაში. იქამდე კი გვინდა კიდევ ერთხელ მივულოცოთ გამარჯვებულ ფესტივალებს და მადლობა გადავუხადოთ მათ პროგრამაში მონაწილეობისთვის!

კომენტარები

კომენტარი