კულტურა

ვინ არის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი?

საქართველოს მთავრობაში რესტრუქტურიზაცია მოხდა. რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდა, რის შედეგადაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს.

ამჟამად მინისტრთა კაბინეტში ამ პოსტს მიხეილ ბატიაშვილი იკავებს, რომელმაც მიხეილ ჩხენკელი და  მიხეილ გიორგაძე ჩაანაცვლა.

“არტნიუსი” დაინტერესდა ახალი მინისტრის ბიოგრაფიული მონაცემებით და გთავაზობთ მას:

მიხეილ ბატიაშვილი გახლავთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

წლების განმავლობაში იყო ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

იყო „სილიკონ ველი თბილისის“ პროექტის ხელმძღვანელი, (პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი, რომლის მშენებლობასაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებდა.)

2012 წელს მიხეილ ბატიაშვილი გახდა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი.

იყო მსოფლიო ბანკის ეკონომიკური რეფორმის ცენტრის ვიცე დირექტორი. ასევე ის გახლავთ საკონსულტაციო კომპანიის “IPN Consulting”- ის თანადამფუძნებელი.

მიხეილ ბატიაშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მისი დეკლარაცია.

როგორც ბატიაშვილმა განაცხადა, რეფორმები ორიენტირებული იქნება სწრაფ, პირველად შედეგებზე და გრძელვადიან პერიოდში იმ ეფექტზე, რომელმაც ადამიანური კაპიტალი უნდა მოგვცეს.

“განათლება, მეცნიერება, კულტურა და სპორტი ეს არის ის სფეროები, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ადამიანური კაპიტალის ჩამოყალიბებას და განვითარებას. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ძირეული ცვლილებები, რეფორმების გატარება განათლების 5-ვე საფეხურზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ახალი სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე. ტექნოლოგიების და ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ჩვენი ახალგაზრდების წარმატება და ისეთ დიდ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო ეკონომიკაში. ვფიქრობ, რომ როგორც განათლების მიმართულებით, იგივე ყველა ამ სფეროში გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც დაიწყება უმოკლეს პერიოდში და ორიენტირებული იქნება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფ შედეგებზე, პირველად შედეგებზე და გრძელვადიან პერიოდში იმ ეფექტზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ის ადამიანური კაპიტალი, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ამიტომ ჩვენ გვაქვს გეგმა, ჩვენ ვიცით რა ნაბიჯები გადავდგათ, შესაბამისად, ყველა ამ სფეროში დავიწყებთ უმოკლეს პერიოდში უსწრაფესი ნაბიჯების გადადგმას”, – ამბობს ახალი მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი