კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

ცეკვის გამო დაპატიმრებული ირანელი გოგონა და საპასუხო აქცია “ცეკვა კრიმინალი არ არის”

ირანში ახალგაზრდა გოგონა მაედე ჰოჯაბრი ინსტაგრამზე საკუთარი ცეკვის ვიდეოების ატვირთვის გამო დააკავეს.

შეგახსენებთ, ირანში ქალებს ისლამური რესპუბლიკის კანონმდებლობით საჯაროდ ცეკვა და ჰიჯაბის გარეშე გამოჩენა ეკრძალებათ.

მაედე ჰოჯაბრის ინსტაგრამ გვერდზე 600 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავდა და საკმაოდ აქტიური მომხმარებელი იყო.

მისი დაკავების შემდეგ, ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიამ საგანგებო გადაცემა მოამზადა, რომელშიც მაედესა და მსგავსი მუხლით გასამართლებული სხვა ადამიანების აღიარებითი ჩვენებები გაჟღერდა.

თინეიჯერის დაკავებამ სოციალურ ქსელებში აღშფოთება გამოიწვია. ახალგაზრდებმა დაპატიმრებულ გოგონას მხარი დაუჭირეს და ცეკვის ვიდეოები ატვირთეს. კამპანიას უამრავი ახალგაზრდა შეუერთდა, ისინი ცეკვის ამსახველ ვიდეოს ჰეშთეგით #dance_isn’t_a_crime ავრცელებენ.

ვიდეომიმართვა გაავრცელა ცნობილმა ირანელმა ბლოგერმა ჰოსეინ რონაგჰიმ, რომელიც სახელმწიფოს რეალური დამნაშავეების დაჭერისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ დაუშვებელია ასეთი კანონის არსებობა.

„დაუჯერებელია, რომ მთავრობა ცეკვის და ბედნიერების გამო აპატიმრებს ახალგაზრდებს. ამ დროს კი ბავშვებზე მოძალადეები დაუსჯელები არიან. ისინი, ალბათ, ახლა იცინიან“ – ამბობს ბლოგერი.

 

კომენტარები

კომენტარი