ვიზუალური ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

“თამაში ჰინომის ველზე” – აგვისტოს ომიდან შემორჩენილი ნივთები საფეხბურთო სტადიონზე გამოიფინება

15 ივლისს ჭავჭავაძის 52 ნომერში მდებარე საფეხბურთო სტადიონზე გაიმართება გამოფენა “თამაში ჰინომის ველზე.

“გამოფენის გახსნა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დღესაა, რომელიც რუსეთში ტარდება. ჩემპიონატის, რომლის პარალელურადაც საქართველოს “საზღვრისპირა” სოფლებიდან ისევ უკვალოდ იტაცებენ ადამიანებს” – წერენ ორგანიზატორები.

„თამაში ჰინომის ველზე“ არტისტ შოთიკო აფციაურის კოლაბორაციაა სოფელ ერგნეთის „2008 წლის აგვისტოს ომის“ მუზეუმთან.

2008 წლის ომის შემდეგ, საოკუპაციო საზღვრისპირა სოფელ ერგნეთის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ქალბატონმა ლია ჩლაიძემ, საკუთარი ინიციატივით, დაიწყო ომის კვალდამჩნეული ობიექტების შეგროვება (ბომბების სიმხურვალისგან დამდნარი ბოთლები, გარდაცვლილი ჯარისკაცის ტანსაცმელი, გამურული ნახევრად დამწვარი აკვანი,საყოფაცხოვრებო ნივთები და ა.შ).

ამ ქალბატონმა, სოფლის სხვა მაცხოვრებლებთან ერთად, ამ ნივთებს ბომბებისგან დანგრეულ მარნის ნარჩენ კედლებში მოუყარა თავი და „2008 წლის ომის მუზეუმი“ დაარქვა. ეს მუზეუმი საოკუპაციო საზღვრიდან 50 მეტრშია. 2017 წელს საქართველოს პრეზიდენტის ხელშეწყობით მუზეუმმა უფრო გამართული სახე მიიღო.

„თამაში ჰინომის ველზე“ სააზროვნო სივრცეა, რომელიც მაღლა წევს ინფორმაციულ ერაში სქროლვაში ჩაკარგულ და იგნორირებულ საკითხებს.

ამ ნამუშევრით, არტისტი ქმნის გამოცდილებას, სადაც მნახველი ნამუშევრის ნაწილი ხდება და საშუალება ეძლევა აღიქვას „თამაში“ მთელი თავისი სიმძაფრით.
ინსტალაცია, ერთი მხრივ, არტისტის კომენტარია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, მეორე მხრივ კი, აქტუალურს ხდის და სხვა კონტექსტში აქცევს „2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმს“ და საოკუპაციო საზღვრისპირა სოფლების პრობლემებს.

კომენტარები

კომენტარი