კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

3D პრინტერით დაბეჭდილი ქართული ქვევრები (ინტერვიუ გიორგი მამასახლისთან)

დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა დავით მიზანდარმა, ნიკა გუჯეჯიანმა და ფოტოგრაფმა, გიორგი მამასახლისმა ქვევრის წარმოების ახალი, თანამედროვე ტექნოლოგია აღმოაჩინეს. მათ დაებადათ იდეა ამ 8000 წლიანი ტრადიციული ჭურჭელის სტანდარტიზებისა, იფიქრეს, რომ შესაძლოა ქვევრი 3D პრინტერით დაიბეჭდოს.  ამის შემდეგ, ჰოლანდიაში მიაკვლიეს კერამიკოსს, რომელსაც დოქტორანტურა აქვს დაცული 3D პრინტერების შექმნაზე და მასთან თანამშრომლობითა და ჯიტას მხარდაჭერით, 3D ტექნოლოგიით დაბეჭდილი პირველი ქვევრის პროტოტიპი შექმნეს.

“არტნიუსი” ესაუბრა ფოტოგრაფ გიორგი მამასახლისს და გთავაზობთ ინტერვიუს:

– როგორ დაიბადა იდეა?

– იდეა სპონტანურად, აღდგომას ერთ-ერთ რესტორანში ქვევრის ღვინის დაგემოვნების დროს დაიბადა. არ მოგვეწონა იქაური ღვინო და ზოგადად ღვინის გარშემო პრობლემებზე დავიწყეთ საუბარი. ქართული ღვინის ერთ-ერთი დიდი პრობლემა ქვევრების წარმოებაა, იქვე სპონტანურად გაჩნდა 3D პრინტერით ქვევრის აშენების იდეა და ამით უამრავი პრობლემის მოგვარება, რაც ქვევრის წარმოებას ეხება.

– არსებობს მსოფლიოში მსგავსი ტექნოლოგიით ღვინის დამზადების პრეცედენტი თუ პირველები იქნებით?

– სხვადასხვა სახის კერიკული ნაკეთობები მზადდება, მაგრამ ღვინის ჭურჭელი -ქვევრი არა.

– მაქსიმუმ რა ზომის ქვევრების დამზადებაა შესაძლებელი 3D პრინტერით?

– ამ ტექნოლოგიით ნებისმიერი ზომის ქვევრის წარმოებაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე ჩვენ proto-typing-ის რეჟიმში ვართ და 100 ლიტრის ზომის ქვევრი წარმატებით დაიბეჭდა. ახლა ვმუშაობთ 500 ლიტრის ქვევრის დამზადებაზე.

– მასალა, რომელსაც მათ დასამზადებლად იყენებთ, სუფთა თიხაა თუ შეიცავს დამატებით ნივთიერებებს?

– საქართველოში ქვევრს 8000 წლიანი ისტორია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დიდი რაოდენობით თიხაა, სამწუხაროდ, თიხის სტანდარტიზებულად მოპოვება და დამუშავება არ ხდება. თიხა იყიდება, მაგრამ არასტანდარტიზირებული. ეს კი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვევრის არაპროგნოზირებადი შედეგის. დღევანდელი მექვევრე არ იკვლევს მასალის შემადგენლობას. ანუ, იღებს რამოდენიმე ჯიშის თიხას და იწყებს ზელვას. არავინ იცის იმ მასალაში სხვა რა მავნე ნივთიერებები და შენარევებია. ჩვენ კი მხოლოდ გამოკვლეულ, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო თიხას ვიყენებთ.

– დაახლოებით რა დაჯდება პროდუქტის წარმოება? გააძვირებს თუ უფრო ხელმისაწვდომს გახდის ბაზარზე ქვევრებს?

– ვმუშაობთ, ამ კითხვაზე ჯერ ზუსტი პასუხი არ გვაქვს. მაგრამ შეგვიძლია გითხრათ, რომ იაფი არ იქნება. ეს არის არსებულ ბაზარზე ბევრად განვითარებული ტექნოლოგიებით შექმნილი, უმაღლესი ხარისხის ქვევრი. სტანდარტიზირებული პროცესი კი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გარანტირებული ხარისხი შევთავაზოთ მომხმარებელს.

– ბიზნესი საქართველოზე იქნება გათვლილი თუ აპირებთ ღვინის წარმოების ამ ტექნოლოგიას პოპულარიზაცია გაუწიოთ მსოფლიოში?

პირველ რიგში, ქართული ქვევრის და საქართველოში ამ ტრადიციის განვითარება, სხვა საფეხურზე აყვანა გვინდა. ამავდროულად, ქვევრი და ქვევრის ღვინო ძალიან პოპულარული ხდება მსოფლიო მასშტაბით, ღვინის ტურიზმი საქართველოში ძალიან პოპულარულია და ქვევრის კულტურის ექსპორტზეც საკმაოდ დიდია მოთხოვნა.

 

კომენტარები

კომენტარი