კულტურა

როლანდ თოფჩიშვილი თსუ-ს დეკანს არაკანონიერ ქმედებაში ადანაშაულებს

ეთნოლოგი როლანდ თოფჩიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს არაკანონიერ ქმედებაში ადანაშაულებს. კერძოდ, ბატონი როლანდის თქმით, დეკანი მას კონკურსიდან გამოთიშვის სანაცვლოდ ისტორიის ინსტიტუტში სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას სთავაზობდა.

გთავაზობთ როლანდ თოფჩიშვილის ფეისბუქ პოსტს:

“ბატონებო! პოსტების წერა არ მიყვარს, მაგრამ გარკვეულმა გარემოებამ მაიძულა ჩემი ფიქრი საზოგადოებისათვის გამეზიარებინა. ცნობილია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიმდინარეობს პროფესორთა კონკურსი. მე კვლავ ჩემს პოზიციაზე („სრული პროფესორი“) შევიტანე განცხადება სათანადო საბუთების წარდგინებით. მაგრამ გამომიჩნდა კონკურენტი, რომელსაც, ამ კონკურენტის დედის თქმით, მამობას ვუწევდი. წინასწარ ისიც უნდა ვთქვა, რომ უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ გარკვეული კლანი ჩემს „ნიჩაბზე დადებას“ აპირებდა. ეს წინათგრძნობა ამიხდა კიდეც. კონკურსი მიმდინარეობს, კომისიის წევრები მუშაობენ, წინ გვაქვს ლექცია წასაკითხი. ამ დროს კი ფაკულტეტის დეკანი შეხვედრას მთხოვს როგორც „შუამავალი“ (ეს მისი სიტყვაა) და მთავაზობს, რომ უარი ვთქვა კონკურსში მონაწილეობაზე ანუ საბუთები გავიტანო და სამაგიეროდ მთავაზობენ ჩემს ისტორიის ინსტიტუტში სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეობას და მაღალი ანაზღაურებით ხელშეკრულების გაფორმებას. რა თქმა უნდა, ამ შემოთავაზებაზე უარი განვაცხადე. „შუამავლის“ ლოგიკა იმას ემყარებოდა, რომ ჩემი კონკურენტი ქართული ეთნოლოგიის პოპულარიზაციას ეწევა უცხოეთში და ის უფრო სჭირდება უნივერსიტეტს.. მეუხერხულება ჩემს თავზე საუბარი, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ დღეისათვის 307 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი გახლავარ, რომელთა შორის 44 წიგნია და ამ 44 წიგნში – 8 საუნევერსიტეტო სახელმძღვანელო ეთნოლოგიაში. არაფერს ვიტყვი ჩემი კონკურენტის სამეცნიერო დონის შესახებ. მხოლოდ ერთს აღვნიშნავ, რომ კონკურენტი უცხოეთში მართლაც ბევრ კონფერენციაში ღებულობს მონაწილეობას, მაგრამ რას კითხულობს? მართლაც ქართული კულტურის გატანას ემსახურება მისი მოხსენებები თუ რამდენიმე დაბეჭდილი სტატია? აი, ერთ-ერთი ინგლისური ნაშრომის სათაური: „Across the Enguri Border: Lives Connected and Separated by the Borderland Between Georgia and Abkhazia “ („ენგურის გაღმა-გამოღმა: საზღვრით დაკავშირებული და გახლეჩილი ცხოვრება საქართველოსა და აფხაზეთს შორის“). ვკითხულობ. ესაა ქართული ეთნოლოგიისა და კულტურის პოპულარიზაცია, როდესაც სათაურში საქართველო და აფხაზეთი ცალ-ცალკე ქვეყნებადაა წარმოდგენილი. საქართველოს კონსტიტუციით საშუალო სკოლის მოსწავლეებმა იციან, რომ აფხაზეთი საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკაა. ავტორის ანუ ჩემი კონკურენტის პოზიციას ნაშრომზე თანდართული რუკაც ადასტურებს. კიდევ: მეცნიერებაა ის, როდესაც ერთ-ერთი ახალგაზრდა კოლეგის ნაშრომს თარგმნი, მიგაქვს უცხოეთში და საკუთარ ორიგინალურ ნაშრომად აცხადებ? ნაშრომი, უფო სწორედ, მოხსენების სათაური ასეთია: “მიგრაციული პროცესები თანამედროვე საქართველოში” / “Migration processes in contemporary Georgia”. არაფერი რომ არ ვიცოდე ეთნოლოგიაში, მიგრაციული პროცესები მაინც ვიცი. ეს დასახელებული მოხსენება თუ მისი დაწერილია, ვთავაზობ მის ქართულ ენაზე გამოქვეყნებას. აღარაფერს ვიტყვი, უცხოეთში თანაავტორობით წაკითხულ სხვა მოხსენებებზე, რომლებშიც არცერთი სტრიქონი მისი დაწერილი არაა (ამჯერად რეალურ ავტორს არ დავასახელებ). ანდა მეცნიერებასთან საერთო აქვს რაიმე, როდესაც გამოდიხარ ცნობილი მეცნიერის (ნიკო მარის) საიუბილეო საღამოზე ოზურგეთში და მისი არც ერთი სტრიქონი არა გაქვს წაკითხული? ეს ტელევიზიით შევიტყვე და შემდეგ ისიც გაირკვა, რომ ოზურგეთში წასვლის წინ ამჟამინდელი კონკურენტი ერთ-ერთმა კოლეგამ გაანათლა. ასეთ ადამიანებს ყველაფერზე აქვთ პრეტენზია, ყველგან ისინი უნდა იყვნენ და მეცნიერი როლანდ თოფჩიშვილი კი – მათი ხელქვეითი. კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ, გპირდებით, ჩემი კონკურსში გაუმარჯვებლობის შემთხვევაში, ძალიან ბევრს ვიტყვი…
ამჯერად, ვერ დავასახელებ „შუამავალი“ უნივერსიტეტის მაღალი ეშელონების წარმომადგენელთა დავალებით მოქმედებდა, თუ საშუალო რგოლისა, ან რომელიღაც კლანისა… ბოლოს კი იმ რუკასაც დავურავ, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი.”

No automatic alt text available.

კომენტარები

კომენტარი