კულტურა

ნორჩი ვიკიპედიელების საზაფხულო ბანაკი წყნეთში

ორი წლის წინ ძალზე მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი ისტორიის მასწავლებელთა აქართველოს ასოციაციამ: ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის ორმოცამდე მოსწავლე ზაფხულის 5 დღეს ატარებს წყნეთის ბანაკში, სადაც პროფესიონალები სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიან მუშაობას ვიკიპედიაში და ქართულ ვიკისივრცეს ამდიდრებენ.

2016 წელს 5 დღეში თბილისის თემატიკაზე ვიკიპედიაში აიტვირთა 36სტატია, 20017 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ათეულობით სტატია აიტვირთა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ როგორც ქართულ, ისე ინგლისურსა და აფხაზურ ენებზე.

გარდა ამისა, 2017-18 წლების განმავლობაში ჩატარდა 1-დღიანი ბანაკები ევროპულ სკოლასა და საქართველო-კორეის ინფორმაციაზე, წვდომის ცენტრთან თამშრომლობით.

ამ დღეებში ვიკიპედია გამდიდრდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული ძეგლების შესახებ ათასამდე სტატიით. აქედან 136 აფხაზეთის, 152 ჯავის, 334 ახალგორის, 300 ცხინვალი-ზნაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან.

ამ საშვილიშვილო საქმეში ასოციაციას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა (თავმჯდომარე ქალბატონი მაიკობახიძე) და სანატორიუმის  შენობა დაუთმო, ხოლო მოსწავლეთა კვებისა და სხვა ხარჯებზე გრანტი გასცა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა.

წელს, მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსება ვერ მოხერხდა, მშობლების აქტიური მხარდაჭერით ბანაკი კვლავ შედგა.

 27 მონაწილე დაკომპლექტდა თბილისის, შიდა ქართლის და კახეთის რამდენიმე სკოლიდან.

ჩვეულ საქმეს ენთუზიაზმით შეუდგნენ ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ქალბატონი მანანა შეყილაძე, ქართული ვიკიპედიის რედაქტორი, ტრენერი ჯაბა ლაბაძე, პედაგოგები:  თორნიკე დიასამიძე, დვით ჩივაძე, ეკატერინე მაისურაძე, ქეთევან ქვლივიძე, თინათინ შიშნიაშვილი.

წლევანდელი საბანაკო ცხოვრება დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით: საინტერესო ლექციები წაიკითხეს ცნობილმა ისტორიკოსებმა: ბუბა კუდავა (ადამიანის თავგადასავალი დროში), მანანა თევზაძემ (კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტების დროს), კოტე ფიცხელაურმა (ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები აღმოსავლეთ საქართველოში), ჯაბა სამუშია(თბილისის ახალი არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ), დავით ნოზაძე (კომპიუტერული თამაშების შექმნა“).

ყოველ დღე იმართებოდა დოკუმენტური ფილმების ჩვენება-განხილვ, ისტორიული თამაშები და რაც მთავარია: როგორც ბატონმა ჯაბა ლაბაძემ გვითხრა, ბანაკის ოცდაშვიდმა მოსწავლემ თბილისისა და თბილისის ისტორიის თემაზე ვიკიპედიაში ატვირთა 214 სტატია.

დღეს, 5 ივლისს ბანაკმა მუშაობა დაამთავრა, დახურვის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის წევრები და მშობლები. მონაწილეებს  სიგელები და საინტერესო ისტორიული წიგნები საჩუქრად გადასცა ბატონმა კოტე ფიცხელაურმა.

აქვე დაიგეგმა უახლოესი მომავლის ბანაკიც: სექტემბერში წყნეთის ბანაკს კიდევ ერთხელ აახმაურებენ ნორჩი ისტორიკოსები და თავიანთ წვლილს შეიტანენ მსოფლიოში საქართველოს სახელის პოპულარიზაციის საქმეში.

 

კომენტარები

კომენტარი