არტ მენეჯმენტი ვიზუალური ხელოვნება

მერის მოადგილის თქმით, ჰიპოპოტამის ძეგლზე მას უკვე დამტკიცებული პროექტი გადაეცა

თბილისის მერიის ორგანიზებით, 13 ივნისს მზიურის პარკში ღონისძიება „ერთად გავიხსენოთ 13 ივნისი“ გაიმართა.

​დედაქალაქის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას განცხადებით, თბილისში 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოტის ძეგლი დაიდგმება.

​მერიის პრესსამსახური ბეჰემოტის ძეგლის ავტორად ნიკუშა შენგელაიას, შემსრულებლად კი ლევან ვარდოსანიძეს ასახელებს, თუმცა კულტურის მენეჯერის, მაია ჯამბაზიშვილის თქმით, ეს იდეა მას ეკუთვნოდა.

მაია ჯამბაზიშვილი იმ პერიოდში მერიის კულტურის სამსახურში მუშაობდა. როგორც განაცხადა, მან დაწვრილებით მოუყვა ამ იდეის შესახებ მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ია მაქაცარიას და ყოფილ მერს, დავით ნარმანიას. მისი თქმით, მათი მხრიდან ამ ინიციატივას რეაგირება არ მოჰყოლია.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სოფიო ხუნწარია მაია ჯამბაზიშვილს შეხვდა. მერის მოადგილის თქმით, მას უკვე დამტკიცებული პროექტი გადაეცა.

“როგორც აღმოჩნდა, სოფომ წინა მთავრობის მიერ უკვე დამტკიცებული საკითხი ნახა ჰიპოს სკულპტურის შესახებ, რომლის მიხედვითაც, რენდერი ნიკუშა შენგელაიას მიერ ყოფილა შესრულებული. დამტკიცებულია, აგრეთე, ის, თუ ვინ დადგამს უშუალოდ სკულპტურას.

რაც შეეხება იდეის ავტორობის საკითხს, როგორც სოფომ განმიმარტა, ოფიციალური განაცხადი უნდა მქონოდა ამის შესახებ შეტანილი მერიაში. თუმცა, იმთავითვე განვაცხადე, სოფოსაც ეს ვუთხარი და დაბეჯითებით მინდა განვაცხადო, რომ ჩემი დაინტერესება და აქტიურობა არ უკავშირდება ჩემს იდეის ავტორად დასახელებას. არავითარი სურვილი არ მაქვს პირადი ამბიციებით შევაწუხო საზოგადოება. ჩემთვის და, ალბათ, საზოადოებისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორ განხორციელდება ხალხისგან წამოსული, ხალხის სახსრებით დაფინანსებული იდეა, რამდენად გამჭვირვალედ, რამდენად საზოგადოების ჩართულობით და საბოლოოდ, საზოგადოებისავე – ქალაქის, ქვეყნის სასარგებლოდ.” – ამბობს მაია.

გარდა ამისა, კულტურის მენეჯერმა ყოფილი მერისა და მერის მოადგილის დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა:

“როგორც ჩანს, ყოფილმა მერმა და ყოფილმა მოადგილემ ამ თემის მიმართ აბსულუტურად თვითნებური მიდგომა გამოიჩინეს, ვერ გაითავისეს და სრულიად უგულებელყვეს იდეის არსი, მისი განხორციელებისას საზოგადოების მიერ მოთხოვნილი მიდგომები, პირველ რიგში, ის, რომ სკულპტურის შერჩევა კონკურსის წესით მომხდარიყო, მისი დანიშნულების, არსისა და ფუნქციის გათვალისწინებით”.

“საბოლოოდ, სოფო ხუნწარიამ შემომთავაზა პროექტის განხორციელებაში ჩავერთო. რაზეც დავთანხმდი და ვეცდები, თუ შესაძლებლობა მომეცემა, რაღაც სახით მაინც მივიღოთ ის შედეგი, რა ემოციაც და მოლოდინიც ჰქონდა საზოგადოებას ამ იდეის განხორციელებასთან დაკავშირებით.” – განაცხადა მაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი