არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ყინწვისის მონასტერს გაფრთხილებას გაუგზავნის

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყინწვისის მონასტრის წარმომადგენლებს გაფრთხილებას და მითითებას გაუგზავნის. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოების კომენტირებისას განაცხადა. ანთიძის ინფორმაციით, მონიტორინგის ჯგუფი ტაძრის ტერიტორიაზე უკვე იმყოფებოდა. მათი დასკვნით,  უნიკალურ კედლის მხატვრობას საფრთხე არ ემუქრება.

„დაზიანება, რომელზეც ვრცელდება ინფორმაცია, არის საკმაოდ დიდის ხნის, რომლის კონსერვაციაც თავის დროზე ჩატარებულია. ახალი დაზიანების კვალი არ ჩანს და რეალურად, არ არის. თუმცა ის, რომ გარკვეული ნივთები არის დასაწყობებული მხატვრობაზე, ძალიან ცუდია. რა თქმა უნდა, ასე არ უნდა იყოს. ამიტომ, თითონ მონასტერს შესაბამისი მითითება და გაფრთხილება მიეცემა, რომ კედელი იყოს გათავისუფლებული და არ ჰქონდეს ამ მინაწყობ ნივთებს რაიმე ზეგავლენა მხატვრობაზე“, – განუცხადა პირველ არხს ანთიძემ.

ყინწვისის ტაძარში არსებული მდგომარეობის შესახებ ფოტოები სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

ყინწვისის ტაძარი XIII საუკუნის დასაწყისით თარიღდება. ტაძარს კედლის მხატვრობა შუა საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთ საუკეთესო და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან გიორგი მესამე, თამარ მეფე და ლაშა გიორგი.

კომენტარები

კომენტარი