კულტურა

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები გამოვლიდნენ

განათლების საერთაშორისო ცენტრში 2018-19 სასწავლო წლის 3 სასტიპენდიო – სადოქტორო, სახელოვნებო და საჯარო მოხელეთა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის შედეგების შესახებ შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართა. ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ ამ სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულები გამოცხადა. კონკურსანტებს კომისიის წევრებმა მაია წერეთელმა და ცენტრის კურსდამთავრებულმა დავით ნადირაძემ მიმართეს.

“მოხარული ვარ, რომ გავხდი სახელოვნებო აკადემიური პროგრამის სტიპენდიატი, სექტემბრიდან განვაგრძობ სწავლას მილანში, დომუსის აკადემიაში, 1 წლიან ინტენსიურ კურსზე მოდისა და დიზაინის მიმართულებით. ეს კურსი დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში, რომ შემდეგ უკვე ჩემს ქვეყანას მოვახმარო იქ მიღებული ცოდნა.” – ამბობს ერთ–ერთი სტიპენდიატი ელენე ბახტაძე.

განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და 2014-17 წლებში 500–ზე მეტი  სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

ცენტრის მიზანია სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი იძლევა შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მიიღონ საუკეთესო განათლება და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ მიღებული ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში განაგრძონ. სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების კურსდამთავრებულები საქართველოში ბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით.

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე “არტნიუსთან” საუბრობს იმ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, რომელთა დაკმაყოფილება და გავლაა საჭირო სტიპენდიის მოსაპოვებლად.

 

 

კომენტარები

კომენტარი