კულტურა

Forbes-მა პლეხანოვი მსოფლიოს საუკეთესო 12 უბანს შორის დაასახელა

“პლეხანოვი” მსოფლიოს საუკეთესო 12 უბანს შორის დასახელდა.

ჟურნალი Forbes საქართველოს შესახებ ორ სტატიას აქვეყნებს. გავლენიანი გამოცემის ჟურნალისტი ანა ებელი საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებას მკითხველს უზიარებს.

ბარსელონას, ვაშინგტონის, ამსტერდამის, ათენის, სეულის, კართაგენას, იოჰანესბურგის, პანამა-სიტის, საიგონის, ჩიკაგოს და კეიპტაუნის უბნებს შორის თბილისში მდებარე აღმაშენებლის გამზირიც მოხვდა.

სტატიის ავტორის თქმით, საქართველო სულ უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება ხდება.

ჟურნალისტი ეხება “პლეხანოვის” ისტორიულ შენობებს, ძველებურ სახლებსა და სადარბაზოებს.

მეორე სტატია ქართულ კერძებს და ღვინოს ეძღვნება.

“როდესაც მეგობრებს ვუთხარი, რომ საქართველოში მოგზაურობას ვაპირებდი სხვადასხვა აზრი მოვისმინე. ზოგიერთს ეგონა ჯორჯიის შტატს ვგულისხმობდი, ზოგიერთებმა მკითხეს, თუ იყო უსაფრთხო საქართველოში მოგზაურობა, ჩემგან დადებითი პასუხი მიიღეს. ჩემმა რამდენიმე მეგობარმა საქართველოში იმოგზაურა. მეგობრებმა თავიანთი მოგონებები გამიზიარეს და რჩევებიც მომცეს.

ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა გამორჩეული კერძებითაა ცნობილი. ქართული კერძები საუკეთესო და მრავალფეროვანია.” – პასუხობს ჟურნალისტი კითხვაზე თუ რატომ უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში.

სტატიის ავტორი დეტალურად აღწერს ქართულ კერძებს, თბილისის, სიღნაღის კვების ობიექტებს, ჟურნალისტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ ღვინოს.

” საქართველო ღვინის და სიყვარულის ქვეყანაა, ეს უკანასკნელი ბუნებრივ სტუმართმასპინძლობაში გამოიხატება. საქართველო მიჩნეულია ღვინის სამშობლოდ. ამ ქვეყანაში 500-ზე მეტი ღვინის ჯიშია. მეღვინეები ღვინოს ტრადიციულ თიხის ჭურჭელში ამზადებენ. საქართველო ნატურალური, ორგანული და უგემრიელესი ღვინითაც გამოირჩევა.” – წერს ანა ებელი.

კომენტარები

კომენტარი