არტ მენეჯმენტი

1 ივლისს გაიხსნება საერთაშორისო ფორუმი – “მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის”

კვირას, 1 ივლისს 10.00 საათზე გაიხსნება საერთაშორისო ფორუმი – “მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის”, რომელიც “კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018”-ის ფარგლებში ხორციელდება.

ფორუმი იმართება პროექტის – “მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის” ფარგლებში, რომელიც შემუშავდა ICOM საქართველოს მიერ ICOM ევროპასთან (ICOM Europe Alliance/ICOM-ის ევროპის მუზეუმების რეგიონული ალიანსი) თანამშრომლობით. პროექტი მოიცავს ასევე რეგიონული ვორკშოპის ჩატარებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლებისათვის.

ფორუმის მთავარი სპიკერი ICOM-ის პრეზიდენტი სუეი აქსოი იქნება.

მიუხედავად გარკვეული პოზიტიური ძვრებისა, მუზეუმებს კვლავ ბევრი პრობლემა გააჩნიათ, რაც სხვადასხვა მიზეზთა გარდა, დაკავშირებულია საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის სათანადოდ გაუცნობიერებლობასა და მსოფლიო სამუზეუმო სივრცეში ამ მხრივ არსებულ სტრატეგიულ მიმართულებათა ცოდნის დაბალ დონესთან.

ფორუმი  ფართო საზოგადოებას გააცნობს მსოფლიო გამოცდილებას თანამედროვე მუზეუმის საზოგადოებრივი მნიშვნელობის, მათი სოციალური ფუნქციის განვითარებისა და გამოწვევების საკითხებში, გაუზიარებს ამ მიმართულებით არსებულ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს და სხვ.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ სამუზეუმო სფეროს წამყვანი ექსპერტები: ICOM-ის პრეზიდენტი, ICOM ევროპის პრეზიდენტი, ICOM-ის შემოწირულობათა ფონდის დირექტორი, NEMO-ს (ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი) გენერალური მდივანი, ICOM-CIDOC-ის პრეზიდენტი; კულტურის პოლიტიკის საერთაშორისო ექსპერტი; ასევე ICOM-ის საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეროვნული კომიტეტების პრეზიდენტები, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია პანელ-დისკუსია თანამედროვე მუზეუმების როლის, გამოწვევებისა და განვითარების პერსპექტივის პრობლემებზე, რაც ფართო პუბლიკას საშუალებას მისცემს აქტიურად ჩაერთოს სამუზეუმო სფეროს ამ აქტუალური საკითხების განხილვაში.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით.

კომენტარები

კომენტარი