კულტურა

კულტურის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთეს

საქართველოს ახალმა პრემიერ–მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებები შეიტანა, – ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდა.

მსგავსი ცვლილებების განხორციელების მიზანი მცირე მთავრობის კონცეფციის შექმნაა, პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს არ აქვს იმის ხარჯები, რომ ბიუროკრატია გამოკვებოს. მისი თქმით, დაზოიგილი ფული სხვადასხვა ინიციატივას მოხმარდება.

“დარწმუნებული ვარ ამ ცვლილებებით ჩვენ დასაბამს მივცემთ მცირე მთავრობის კონცეფციის შექმნას, რადგან სწორედ ასეთი მთავრობის ყოლა შედის დღეს ჩვენი ხალხის ინტერესებში. რასაკვირველია, სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ეს მშპ–სთან მიმართებით ეტაპობრივად ჩამოვა 3,9%–მდე. ბიუროკრატიაზე დაზოგილი ხარჯები სხვადასხვა ინიციატივის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის წყაროს ანუ ისევ ჩვენ ხალხს მოხმარდება. ამ სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად მთავრობა დღესმე მიმართავს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით. ესაა ჩვენი ხედვა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს თანხვედრაშია ჩვენს საზოგადოებასთან” – განაცხადა ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ.

გარდა ამისა, სტრუქტურული ცვლილება სხვა სამინისტროებსაც შეეხო:

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს. დევნილთა სამინისტრო უქმდება და მისი  ფუნქციები გადანაწილდება სამ სამინისტროზე. განსახლების საკითხები გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაში, მიგრაციის საკითხები – შსს–ში, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს.

რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი, ასევე, გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი