კინო

კანადაში გამართულ ქართულ საღამოზე ფილმი “სხვისი სახლი” აჩვენეს

საქართველოს შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად კანადაში სპეციალური ღონისძიებათა ციკლი  „ქართული საღამოები“ დაიწყო.  პირველი ღონისძიება ქალაქ ტორონტოში, “სქარბოროუს” მსოფლიო ფილმების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ   ქართველი რეჟისორის რუსუდან გლურჯიძის ფილმი „სხვისი სახლი“.

ფილმის ჩვენება კანადაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა და საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიება კინოთეატრ “Fox”-ში ჩატარდა.

“ქართული საღამო” “სქარბოროუს” ფესტივალის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი პეტროვმა და მენეჯერმა კარტერ ბრუსმა გახსნეს. სპეციალური მიმართვით წარსდგა კანადაში საქართველოს ელჩი   კონსტანტინე ქავთარაძეც.  მან ვრცლად ისაუბრა საქართველოს შესახებ, მის ისტორიასა და დღევანდელობაზე.

ელჩმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და ის მძიმე პირობები, რომელშიც იქ დარჩენილი მოსახლეობა იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ფილმის ჩვენებასთან დაკავშირებით, კანადაში საქართველოს საელჩომ კინოთეატრის შენობაში,  ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის ამსახველი ფოტო-გამოფენაც გამართა.

“ქართული საღამოს” ფარგლებში  გამართულ საღამოზე ქართული ხალხური სიმღერებიც შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი