კულტურა

რა პრობლემებია ქართული ენის გრამატიკის სწავლების მხრივ თსუ–ში?

არაერთი კვლევის მიხედვით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამიერკავკასიაში რეიტინგით პირველი უნივერსიტეტია, მაგრამ ხშირად გავიგებთ უკმაყოფილებას როგორც სტუდენტების, ისე პროფესორების მხრიდან უნივერსიტეტში სწავლების მეთოდიკაზე, ხარისხზე, ტექნიკურ და შინაარსობრივ პრობლემებზე.

საუნივერსიტეტო საზოგადოებას ბევრი საპროტესტო აქცია ახსოვს ხარისხიანი განათლების მოთხოვნით, მაგრამ ამჯერად, პროტესტი თსუ–ს ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტება გამოთქვეს. მათ გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, სწავლებას თან ახლავს არაადეკვატური და შეუსაბამო გამოცდა.

“არტნიუსი” უცვლელად გთავაზობთ განცხადებას:

“ბატონო რამაზ,

მოგეხსენებათ, ამა წლის 20 ივნისს არის ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები 3-ის ფინალური გამოცდა. სალექციო კურსი მოიცავს 15 ლექციას, ხოლო გამოცდაზე შეტანილია 55 საკითხი, შესაბამისად, მოგვიწევს თითოეული თემის საკმაოდ დაწვრილებით სწავლა. ამ სირთულის გარდა, ერთ ბილეთში, როგორც გვითხარით, შევა 3 თეორიული(უპრეცედენტო შემთხვევაა) და 1 პრაქტიკული საკითხი. პრაქტიკული საკითხის დავალება კი წინადადების სინტაქსური და მორფოლოგიური გარჩევა იქნება. სინტაქსის შესწავლა წლევანდელ სემესტრში დავიწყეთ და დავასრულეთ კიდეც, ლოგიკურიცაა მისი პრაქტიკაში გამოცდა. რაც შეეხება მორფოლოგიას, ის წინა სემესტრში გავიარეთ და ვწერეთ კიდეც პრაქტიკულ გამოცდაში. ხელმეორედ მისი შეტანა საგამოცდო საკითხებში ნამდვილად არ არის მართებული, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გამოცდის სამ საათში 3 თეორიულისა(თითოეულის ჩამოყალიბებას მინიმუმ 45 წუთი სჭირდება) და 1 პრაქტიკული დავალების წერა გვიწევს(როგორც თავად აღნიშნეთ, ზერთულ წინადადებებს მოიტანთ). ჩვენ, სტუდენტები, მოვითხოვთ სწავლების ადეკვატურ გამოცდებსა და ლექტორთა მეტ პასუხისმგებლობას საკითხების შედგენისას. რატომ გვირთულებთ?”

განცხადებას კომენტარებში ქართული ფილოლოგიის სტუდენტები ჰეშთეგით “#რატომ?” შეუერთდნენ.

კითხვაზე, თუ რა არის ქართულ ენის გრამატიკის სწავლების მხრივ ყველაზე დიდი პრობლემა, სტუდენტებმა “არტნიუსს” შემდეგნაირად უპასუხეს:

“პირველ რიგში, ყველაზე დიდი პრობლემა წავლების სისტემაა, რომელიც ორიენტირებულია სილაბუსის პირობით ჩაცლაზე და არა რეალურ სწავლებაზე. პროფესორი რამაზ ქურდაძე ამ შემთხვევაში, როგორც კათედრის ხელმძღვანელი, პასუხისმგებელი პირია, გამომდინარე აქედან, პასუხიც მას მოეთხოვება. კონკრეტულად ამ საგანზეც რომ ვთქვა, ქართული ენის სინტაქსი რთული ფენომენია და შეუძლებელია საფუძვლიანად სწავლა ერთ სემესტრში. ეს მხოლოდ ამ საგანს არ ეხება, რაღა თქმა უნდა. ზოგადად, მთლიანი სწავლების მეთოდიკა იმდენად არასწორადა მიმართული, რომ ნებისმიერ საგანზე მსგავს პრობლემას ვაწყდებით. გამოცდას პირველადი მნიშვნელობა აქვს დაკარგული. ის არათუ სემესტრული ცოდნის რეალიზების საშუალება, არამედ გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე დაწყებული ღამეების თენებისა და უაზროდ გაზუთხული მასალის მოშორების აქტია. უნივერსიტეტის პრიორიტეტი არაა ცოდნა, პრიორიტეტი გაწერილ პროგრამაში ჩატევაა. ერთეული ლექტორების გამოკლებით, რა თქმა უნდა, თუმცა იმ ერთეულებსაც, გარკვეულწილად, უწევთ მოერგონ არსებულ პირობებს. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, რომ ხმა ამოგვეღო. ხოლო პროტესტის ეს ფორმაც იმითაა გამოწვეული, რომ შარშანაც იყო მსგავსი შემთხვევა, როცა ერთ–ერთმა სტუდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.” – ამბობს გიორგი ყორღანაშვილი

“გარდა იმისა, რომ საგამოცდო მასალა აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ ცოდნისა, რომელსაც ვიღებთ უნივერსიტეტში და კონკრეტულად ამ საგანში, მდგომარეობა მართლაც ყოველმხრივ სავალალოა. ეს ეხება არა მხოლოდ გრამატიკის საფუძვლებს, არამედ ზოგადად ჰუმანიტარიასა და ქართული ფილოლოგიის მიმართულებას. სასწავლო მასალა მოძველებულია, სალექციო თემები ხშირად არაადეკვატური და არაფრისმომცემი. ფაქტობრივად, ცოდნის მიღება შეუძლებელია, თუ არ ჩავთვლით სულ 2-3 ლექტორს, რომელიც მართლაც მოტივირებულია, რომ რამე გვასწავლოს და მაქსიმალურად შეგვიწყოს ხელი.” – ამბობს სტუდენტი ანი ცქიტიშვილი.

რამაზ ქურდაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ამასთან ერთად, იგი ფილოლოგიის ენის მიმართულების კათედრის ხელმძღვანელი გახლავთ. მის შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.

 

 

კომენტარები

კომენტარი