კინო

ფილმი სიყვარულისთვის მებრძოლ სვან გოგონაზე – “დედე” კარლოვი ვარის ფესტივალზე

ქართული ფილმი “დედე” კარლოვი ვარის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში “East of the West” საპრიზო ადგილისთვის იბრძოლებს.  კინოსურათი  ახალგაზრდა რეჟისორს, მარიამ ხაჭვანს ეკუთვნის. „დედე” რეჟისორისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. იგი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს.

„დედეს” გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა, ასევე სვანია ფილმის ყველა მსახიობი.

კარლოვი ვარის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის  “East of the West”-სექციაში “ჰორიზონტი” ნაჩვენები იქნება კიდევ ერთი ქართული ფილმი: ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ახალი ნამუშევარი  “ჩემი ბედნიერი ოჯახი”. ოჯახური დრამა წარმატებულ საფესტივალო გზას სანდენსზე პრემიერის შემდეგ გააგრძელებს.

ასევე ჩეხეთში, კარლოვი ვარის ფესტივალზე  ნახავენ ბოლო წლის წარმატებულ დოკუმენტურ ფილმს.  რატი ონელის “მზის ქალაქი” სექციაში – “სხვა ხედვა” იქნება წარმოდგენილი. ფილმმა არაერთი წარმატება მოიპოვა ამ წლის პრესტიჟულ ფესტივალზე. ნაჩვენები იყო ბერლინალეზეც.

 

კარლოვი ვარის კინოფესტივალი უმაღლესი, A კლასის კინოფესტივალების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც ყოველწლიურად 1 500 სტუმარი ესწრება, მათ შორის მსოფლიო კინოინდუსტრიის ცნობილი და გავლენიანი წარმომადგენლები.

ფესტივალი ჩეხეთში 30 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი