არტ მენეჯმენტი კულტურა

ირაკლი ჟვანია მიხეილ გიორგაძეს: “სპონსორობის კანონის შემოღებით ბიუჯეტს მოაკლდება წლიურად 10-20 მილიონი… სამაგიეროდ ათასი შემოქმედი ამოისუნთქებს!”

მხატვარი, სკულპტორი და მწერალი ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომლის ადრესატიც კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ გიორგაძეა.

წერილში არტისტი ხაზს უსვამს ხელოვანების დაფინანსების პრობლემას და  მინისტრს მოუწოდებს მიიღოს კანონი სპონსორობის შეღავათების შესახებ, რაც, მისი აზრით, თავისუფალ არტისტებს საშუალებას მისცემს მოიძიონ მეტი სახსრები ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად და, ამასთანავე, სახელმწიფოს მოეხსნება მათი დაფინანსების ტვირთი.

გთავაზობთ ირაკლი ჟვანიას ფეისბუქ პოსტს, უცვლელად:

“მიშა!

სოციალურ ქსელში გწერ ერთი მარტივი მიზეზის გამო, მინდა რომ ყველამ წაიკითხოს და იცოდეს რაზედაცაა საუბარი…

პირდაპირ საქმეზე გადავალ: ქართველებმა მეტ-ნაკლებად შევცვალეთ პოლიცია, სასამართლო, საბაზრო ურთიერთობები, მენტალიტეტი, რითი ვერ შევცვალეთ ეს საბჭოური კულტურის პოლიტიკა ქვეყანაში? რას ვეძახი საბჭოურს ავხსნი: როდესაც კულტურა ფინანსდება მხოლოდ სახლემწიფო ბიუჯეტიდან, როდესაც ბიზნესი კანონით არაა წახალისებული კულტურის დაფინანსებაში, როდესაც არ ხორციელდება ე.წ. თავისუფალი პროექტები…რომელ ევროპულ ან სხვა ქვეყნებში გინახავთ რომ მხატვრები და სხვა ხელოვანები კულტურის სამინისტროში ან მერიის კულტურის სამსახურში დადიოდნენ და ჩინოვნიკებს ფულს ეხვეწებოდნენ იდეებისთვის? რატომ არ იღებთ კანონს სპონსორობის შეღავათებზე? რატომ ხართ ჩარჩენილი CCCР ეპოქაში სადაც შემოქმედს ერთი გზა გრჩება სახელმწიფოს ეხვეწო ფული! მეც ვიყავი შენთან დაა გეხვეწე, გახსოვს კარგად. და პასუხი იყო – ფული არა გვაქვს თავისუფალ პროექტებზეო….ჯერ ერთი რატომ არა გაქვს გაუგებარია 14 მილიარდიანი ბიუჯეტის პირობებში იმისთვის ფული რომ დაუფინანსო შემოქმედს საინტერესო იდეა? მე გეტყვი რატომ არა გაქვს – იმიტომ რომ არ გაინტერესებთ, არ იღწვით ამისთვის. ეხლა მეორე: ბიუჯეტი არ უნდა აფინანსებდეს ა რ ა ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო პროექტებს და ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა. მაშინ მოგვეცით ეს ყბადაღებული კანონი სპონსორობის შეღავათების შესახებ და მივხედავთ ჩვენს თავს!!!!! გაგიჩნდება იდეა, მიხვალ კომერციულ სტრუქტურაში, ისიც დაგიფინანსებს ამ პროექტს და რამდენი რამე გაკეთდებოდა ამით!!
შენ ფულს არ გვაძლევ. კანონს არ გვაძლევთ. რა გააკეთონ დამოუკიდებელმა არტისტებმა, შევეშვათ ხელოვნებას და ყველანი ბანკებში წავიდეთ მენეჯერებად?!
სპონსორობის კანონის შემოღებით ბიუჯეტს მოაკლდება წლიურად 10-20 მილიონი ლარი, მოაკლდეს!!! ცოტა ნაკლებ ჯიპებს იყიდიან უნიჭო ჩინოვნიკები, არაუშავს. სამაგიეროდ ათასი შემოქმედი ამოისუნთქებს!
შენ თვითონ კახასთან ერთად ხარ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი და თანამედროვე შოუ -ბიზნესის ფუძემდებელი Istern Promotions, როგორ მოახრხე რომ ყველაზე ინოვაციური მიდგომის ავტორი სსრკ კულტურის მინისტრად გადაიქეცი, რომელის მთავარი ფუნქცია უარის თქმაა შემოქმედი ხალხისთვის? კი ბატონო, დააფინანსოს სახლემწიფომ სახ. ობიექტები, თეატრები თუ ძეგლების აღდგენა. მაგრამ თავისუფალმა ხალხმა რა გააკეთოს, აღარ შექმნას არაფერი? იმიტომაცაა რომ არაფერი არ კეთდება ინოვაციური გარშემო კულტურის სფეროში! თუ რაიმე კეთდება მხოლოდ სახელმწიფო თეატრებში ან მუზეუმებში.
მაგრამ მთავარი შემოქმედება ყოველთვის ქუჩაშია, ხალხშია, და არა სახელმწიფო სტრუქტურებში, მიშა. შენ და კახაც რომ სახელმწიფო მოხელეები ყოფილიყავით ვერასდროს ვერ შექმნიდით ისტერნს, ორჯერ ორი ოთხია.

იქნებ დაფიქრდე და კულტურის პოლიტიკას მიუდგე როგორც ისტერნს? ინოვაციით, ახალი ხედვით, სპონსორობის კანონით, თანამედროვე ხედვით და არა მხოლოდ ბიუჯეტის ხარჯზე ვარსკვლავების ჩამოყვანით?
ამას მხოლოდ მე არ ვითხოვ, ეს დროის მოთხოვნაა, მიშა!

ძალიან მაგარი კაცია ახლი ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, სულ რაღაც ინოვაციებზე ფიქრობს. დაელაპარაკე სპონსორობის კანონზე, მოამზადეთ წინადადება და გაუშვით პარლამენტში. მიიღეთ ეს კანონი და ამოასუნთქეთ ასობით მხატვარი, მოქანდაკე, მუსიკოსი, მოცეკვავე, მომღერალი რომელთაც არ აქვთ ეს ოხერი ფული რომ აკეთონ თავიანთი საქმე!

ეს იქნება ისტორიული მოვლენა და ყველანი ვნახავთ როგორ გაცოცხლდება კულტურული ცხოვრება!!!
ეს დრომ მოიტანა. დავიღალეთ ლოდინით. მიხედეთ საქმეს.
დიდი მოკითხვა ოჯახს,

ირაკლი ჟვანია”

კომენტარები

კომენტარი