კულტურა სტილი, დიზაინი

პროტესტის ნიშნად, გიორგი კვირიკაშვილს მოქალაქეები ნამდვილ ბოტებს აჩუქებენ

საზოგადოების ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე რამდენიმე დღეა, რაც აქტიურად მოითხოვენ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომას და საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე მასაც აკისრებენ პასუხისმგებლობას.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საპასუხოდ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, თეა წულუკიანის გადადგომა არ განიხილებოდა:

მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი, ულტიმატუმის ენით გვესაუბრება და ცდილობს, ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის ლეგიტიმაცია. მათ განცხადებებში იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც ასევე სრულიად მიუღებელია. ამიტომ მოვუწოდებ მათ, ნუ გასცდებიან საკუთარი საქმიანობის მანდატს და თუ მათი მიზანი მართლაც პროცესის გამჭვირვალედ წარმართვაა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნას, ეს არის სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული მოთხოვნა.” – წერია განცხადებაში.

საზოგადოებამ ბოლო დროს გავრცელებული Haha Emoji–ს კამპანია გაიმეორა და პრემიერ–მინისტრს განცხადება Haha რეაქციით შეუფასა, რასაც არ არსებული ფეისბუქ პროფილებიდან საპასუხოდ პოსტზე “მოწონებები” მოჰყვა.

მარტივი მისახვედრია, რომ ეს “მოწონებები” ე.წ. ბოტებს ეკუთვნით, რომლებსაც, როგორც წესი, პროპაგანდის მიზნით ყიდულობენ ხოლმე.

ამიტომაც, დღეს, 6 ივნისს, 18 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში მოქალაქეების ნაწილი პრემიერისთვის ნამდივილი “ბოტების” სამახსოვროდ ჩუქებას ფიქრობს.

“შევიკრიბებით კანცელარიასთან და პრემიერ-მინისტრ ბატონ გიორგი კვირიკაშვილს სამახსოვროდ დავუტოვებთ ბოტებს. ვაპროტესტებთ მთავრობის სამარცხვინო პროპაგანდისტულ ინსტრუმენტებს”, – ვკითხულობთ აქციის ანოტაციაში.

კომენტარები

კომენტარი