შემოქმედებითი ინდუსტრიები

კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის გალა-კონცერტი გაიმართება

კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის ( MISA ) გახსნითი გალა-კონცერტი გაიმართება. ღონისძიება 16 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყება. კონცერტზე დაუკრავენ აკადემიის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, პიანისტი შორენა ცინცაბაძე, აკადემიის წინა წლის გამარჯვებული სანდრო შუბითიძე.  ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი, კლარნეტისტი არტურ ნაზიულინი.  საღამოზე ასევე წარსდგება   თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი. ორკესტრის დირიჟორი იქნება გიორგი ჟორდანია.

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის ( MISA ) დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი შორენა ცინცაბაძე აცხადებს, რომ 16 ივნისის დარბაზში მისული მსმენელი მაღალი დონის მუსიკალურ საღამოს დაესწრება.  კონცერტის შემდეგ კი,   MISA-ს ფარგლებში მოწვეული მსოფლიო დონის მუსიკოსები და ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსები ერთობლივ მუშაობას შეუდგებიან.

“17 ივნისიდან უკვე ვიწყებთ ინტენსიურ ლექციებს და მასტერკლასებს. ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს ჩვენი მონაწილეებისთვის. გარდა მუსიკალურ-შემოქმედებითი დატვირთვისა, ჩვენ მათ ვთავაზობთ სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობას, ასევე სპორტულ დატვირთვას. მთლიანობაში, გვინდა რომ 2017 წლის აკადემია წინა 2 წელს ჩატარებული ღონისძიებებისგან განსხვავდებოდეს მრავალფეროვნებით. ვფიქრობთ, რომ ეს გარანტირებული იქნება. თბილისში აკადემიის მონაწილეები და შემოქმედებითი ჯგუფი დავრჩებით 3 დღის განმავლობაში, 20 ივნისს კი ყველა ერთად გადავინაცვლებთ ბათუმში, სადაც ასევე საინტერესო დღის წესრიგი და აქტივობები გვექნება 28 ივნისამდე. ვცდილობთ, რომ აკადემიაში გატარებული დღეები დაუვიწყარი იყოს ჩვენი ახალგაზრდა მუსიკალური თაობისთვის”,- განუცხადა “არტნიუსს” შორენა ცინცაბაძემ.

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის გახსნით გალა კონცერტზე დასასწრები ბილეთები იყიდება კონსერვატორიის სალაროში, ასევე tkt.ge-ზე.

MISA –  2017  ბათუმის მერიის ნაწილობრივი დაფინანსებით   ტარდება. ღონისძიების ფარგლებში მოწვეული პროფესორებისთვის სპეციალურ პრიზს აწესებს საქართველოში ყველაზე ძველი ბრენდის, გამორჩეული ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „სარაჯიშვილი“. ასევე, უცხოელ პროფესორებს და აკადემიის მონაწილეებს ეკოლოგიურად სუფთა ქართული სოფლის ნაწარმის მაღაზია „ხურჯინი“ გადასცემს ტკბილეულს, სასმელებს და სხვა სახის ნუგბარს. ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს დააჯილდოვებს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაც.  მოწვეული პროფესორებისთვის საფირმო ჩამოსხმის პროდუქციას გამოყოფს კომპანია „ბორჯომიც“.

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის მხარდამჭერი და უცვლელი პარტნიორია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი.

 

კომენტარები

კომენტარი