კულტურა

„შემოსაზღვრე საქართველო“ – კონფლიქტის ზონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის კულტურული ღონისძიებები ჩატარდება

დღეიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო“ იწყება. პროექტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით  ხორციელდება.

პროექტის მიზანია კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ქვეყნის კულტურულ პროცესებში ჩართვა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „შემოსაზღვრე საქართველოს“ ფარგლებში, ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე რეგიონებში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება; ადგილობრივი მოსახლეობა შეხვდება ქართველ მწერლებსა და მეცნიერებს, რომლებიც წლევანდელ საიუბილეო თარიღებზე გაამახვილებენ ყურადღებას ( ნ. ბარათაშვილი, ი. ჭავჭავაძე, ლ. ასათიანი, ტ. გრანელი), ასევე ისაუბრებენ კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე; მწერლები ინტერაქციის რეჟიმში გამართავენ მკითხველთან დიალოგს. დაგეგმილია სხვადასხვა გამოფენისა და ფილმების ჩვენებების მოწყობა, ასევე კონცერტები ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით.

„შემოსაზღვრე საქართველოს“ ფარგლებში, წელს ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა მონაწილეობას მიიღებს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დაწყებულ პროექტში – „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“.

„ვეფხისტყაოსნის” გადაწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროექტი უპრეცედენტოდ სახალხო და მასშტაბურია – მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი“, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 15 მაისიდან „მოგზაურობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი