ბლოგი ლიტერატურა

ცვლილებელი ფრანც კაფკას პროცესის კითხვის პროცესში

*შენიშვნა: ფრანც კაფკას “პროცესის” პირველსა და მეორე თავს შორის საკითხავი

კ-მ გაიღვიძა.

დილის რვის ნახევარი იყო. წუხანდელი სიზმრით შეშფოთებული კ წამოხტა საწოლიდან, ხალათი შემოიცვა და აბაზანაში შევარდა. სარკეში ჩაიხედა, უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ რეალობაში დაბრუნდა. უცბად სარკეში თავის ზურგს უკან ჩამწკრივებული ჰიგიენური საშუალებები შეამჩნია, რომლებიც ისე არეულად ეწყო გეგონებოდათ ღამით ძლიერი მიწისძვრა იყოო. იოზეფ კ მოტრიალდა და, ჩვეულებისამებრ, ჩაამწკრივა სარეცხი და სახეხი საშუალებები. უცბად, ერთ-ერთ თავმოხდილ ბოთლს შემთხვევით ხელი გაჰკრა და მთელი სითხე იატაკზე დაღვარა. კ უფრო დაიძაბა, თითქოს ყველაფერი თავდაყირა დგებოდა, მისი დალაგებული ცხოვრება ირეოდა და საფრთხის ქვეშ დგებოდა.

კ ოთახში დაბრუნდა. ფანჯარაში სპეციალურად გაიხედა, აინტერესებდა სიზმარში რომ ხალხი ნახა ისევ თავიანთ ადგილას თუ იქნებოდნენ. იმ აივანზე აღარავინ იყო, თუმცა მაინც მოეჩვენა, რომ უთვალთვალებდნენ. თითქოს ვიღაცები ფარდების კუთხეებში ატუზულიყვნენ და ისე ადევნებდნენ თვალს. ფანჯარას ფარდები გადააფარა. თუმცა ეს შეგრძნება მაინც ვერ დაითრგუნა. მაინც უთვალთვალებდნენ.

კ-მ მეზობელ ოთახში გასასვლელ კარს ყური მიადო, აინტერესებდა ვინმე თუ იყო. ფაჩუნიც კი არ ისმოდა, მხოლოდ ბუზის ფრენის ხმა. კარი გამოაღო და ისევ სიზმარი გაახსენდა. კ ნელ-ნელა უფრო და უფრო იძაბებოდა, სიზმარიც უფრო დეტალურად ახსენდებოდა. კარი რომ გამოაღო კარგა ხანს იდგა გაუნძრევლად. მერე გადაწყვიტა გასულიყო, რომ საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა იქ არავინ არისო. თითქოს ადგილიდან მოწყდა, მაგრამ უცბადვე შეფრთხა და კარში იმაზე ნელა გავიდა ვიდრე უნდოდა. მეზობელ ოთახშიც არავინ იყო. კ-მ ერთი პირი იფიქრა იქნებ ფროილაინ ბიურსთნერს ან ფრაუ გრუბახს ვკითხო გუშინდელზეო, მაგრამ მალევე გადაიფიქრა. საერთოდაც, ამ ბინაში დიდი ხანია ცხოვრობს და ზედმეტადაც არავის უღიმის, ამით თითქოს თავს იმაღლებს სხვა მაცხოვრებლების და ბინის მეპატრონის თვალში. ის ხომ ბანკის თანამშრომელია. იფიქრა ასეთი რამ რომ მოვუყვე და თან მათგან ველოდო პასუხს გიჟი ვეგონები და პატივისცემასაც დავკარგავო.

კ საკუთარ ოთახში დაბრუნდა. საწოლზე წამოჯდა და საათს შეხედა. საუზმემდე ჯერ ცხრამეტი წუთი იყო დარჩენილი. ცდილობდა ზუსტად გაეხსენებინა ყველაფერი და თან ოთახს ათვალიერებდა იქნებ სადმე გუშინდელი არეულობის კვალი ეპოვნა. თუმცა სულ ერთი წამითაც კი არ უშვებდა, რომ ის რაც გუშინ მოხდა სინამდვილე იყო, მაინც, თავისდაუნებურად, ეძებდა დამამტკიცებელ საბუთებს. არა, აუცილებლდა მოუყვება ამ ამბავს სარას. ის ყველაფერს გაუგებს, რადგან დიდად არც აინტერესებს კ.

– რას ჰქვია დაპატიმრებული, განა დაპატიმრება ასე ხდება? – აღმოჰხდა კ-ს. – არა, ნამდვილად სიზმარი იყო. განა შეიძლება რეალობა ასეთი აბსურდული იყოს? ისიც კი არ იცოდნენ რაზე მაპატიმრებდნენ, თანაც რანაირად ეცვათ. იმ პირველ კაცს, ოთახში რომ შემოიჭრა ეცვა შავი კოსტიუმი, რომელსაც გარდა ქამრისა, იმდენი ნაკეცი, ჯიბე, ბალთა და ღილი ჰქონდა, რომ სამგზავრო ტანსაცმელს უფრო ჰგავდა. დანარჩნებიც დიდად არ გვანდნენ სახელმწიფო მოხელეებს. კ ნელ-ნელა რწმუნდებოდა რომ მისი ეს ისტორია მთლიანად ერთი დიდი სიზმარი იყო.

– და მაინც, რისთვის მაპატიმრებდნენ? – ჰკითხა საკუთარ თავს კ-მ.

უცბად ბიურსთნერის ბინაში მომხდარი ამბები გაახსენდა და თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც გაეღიმა.

კ-ს გულში ისევ შფოთი აღეძრა.

რვას ათი წუთი აკლია. ნეტავ ფრაუ გრუბახის მოსამსახურე ქალი საუზმეს თუ მოუტანს თავის დროზე. კ წამებს ითვლის. რაც მეტად უახლოვდება საათის ციფერბლატი 8-ს მით მეტად ემატება დაძაბულობა. თითქოს უნდა ჰყავდეს ვინმე, ვინც დაუდასტურებდა, რომ ის რაც „გუშინ“ გადახდა ნამდვილად კოშმარი იყო. კ წამოხტა. ვეღარ ითმენს. უცბად გაახსენდა, რომ აბაზანაში ბოთლი დაუვარდა და ტოქსიკური სითხე ისევ იატაკზე ესხა. გაიქცა რომ მოეწმინდა. როგორც კი აბაზანის კარი გამოიღო შეჩერდა. რამდენიმე წამი ჩაფიქრდა და გაქვავებული იდგა. უცბად იატაკზე დაღვრილ ტოქსიკურ სითხეს მიაშტერდა. იქნებ ის ყველაფერი მართალია. მაგრამ არ უნდა ეშინოდეს. ხომ თავისუფლად შეუძლია თავი მოიკლას. მაგრამ იმწამსვე აწონდაწონა მდგომარეობა და გაიფიქრა: ამის გამო თავის მოკვლა ისეთი უაზრობა იქნებოდა, რომ სდომოდა კიდევაც, ამ განზრახვაზე თვითონ უაზრობა ააღებინებდა ხელს. თანაც რომ გადარჩეს ის ხუთასი ლარიც ხომ გადასახდელი ექნება, მთავრობამ, რომ დააწესა სუიციდის მცდელობაზე. არა, არ უღირს. და საერთოდაც, არაფერი სჭირს თავის მოსაკლავი. ერთმა უბრალო სიზმარმა ნუთუ ასე უნდა შეაშფოთოს? ეს ხომ სისულელეა.

– და მაინც, რისთვის მაპატიმრებდნენ? – კიდევ ერთხელ ჰკითხა საკუთარ თავს კ-მ. ამ კითხვას თავიდან ვერ იგდებდა, თითქოს საკუთარ თავში მართლაც ეპოვნა მიზეზი, რის გამოც დაპატიმრება ემუქრებოდა.

კ ისევ საძინებელში გავარდა. საათს შეხედა, სულ რამდენიმე წამიც და რვა საათიც გახდებოდა.

ციფერბლატმა რვა საათი აჩვენა და ზარი გაისმა.

ოღონდ ეს არ გახლდათ კარის ზარი.

ტელეფონი რეკავდა.

ლაშა შათირიშვილი

კომენტარები

კომენტარი