საშემსრულებლო ხელოვნება

საშემსრულებლო ხელოვნების ორი მსოფლიო ვარსკვლავის კონცერტი 17 ივნისს თბილისში

17 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მევიოლინე ლიზა ბათიაშვილისა და ჩელისტ გოტიე კაპუსიონის კონცერტი  გაიმართება. ისინი  მაყურებლის წინაშე  საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარსდგებიან. კონცერტის უდირიჟორებს   ნიკოლოზ რაჭველი.

მუსიკის მოყვარულებისთვის ერთ-ერთ მთავარ მოვლენაზე დასასწრები ბილეთები უკვე გაყიდვაშია. აღნიშნული კონცერტით  ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრის სეზონიც დაიხურება.

“სწორედ ამ დღეს Artists Union Conceptart მუსიკალურ ცენტრთან ერთად, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მსოფლიო მნიშვნელობის არტისტებს წარმოგიდგენთ. მხოლოდ ერთი დღით და ერთ სცენაზე – აღიარებული ქართველი მევიოლინე – ლიზა ბათიაშვილი, საუკუნის ელჩად წოდებული ჩელისტი გოტიე კაპუსიონი. საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი. და რაღა თქმა უნდა, დაუღალავი და მუსიკისთვის თუ მუსიკით მაცოცხლებელი მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი!“,- აცხადებენ კონცერტის ორგანიზატორები.

17 ივნისს დაგეგმილ კონცერტს ეხმაურება ღონისძიების დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველიც.

“ვიზის გარეშე შეგვიძლია ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა, მაგრამ ავიაბილეთი და საზღვარზე მთელი რიგი დოკუმენტების წარდგენა მაინც გვესაჭიროება. მაგრამ ვისაც სურს, ყოველივე ბიუროკრატიის და შორს გამგზავრების გარეშე ერთი საღამო ჭეშმარიტ ევროპაში გაატაროს ველით 17 ივნისს ოპერის თეატრში, სადაც კლასიკური საშემსრულებლო ხელოვნების ორი მსოფლიო ვარსკვლავი საქართველოს ეროვნულ ორკესტრთან ერთად კონცერტს გამართავს. ლიზა ბათიაშვილი და გოტიე კაპუსიონი. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ელის ყველას, ვინც ჩვენი სეზონის დახურვაზე გადაწყვეტს დასწრებას!“,- აცხადებს ნიკოლოზ რაჭველი.

კომენტარები

კომენტარი