შემოქმედებითი ინდუსტრიები

ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი გაიმართება

თანამედროვე ხელოვნების ფესტივალში, რომელიც ზუგდიდში 9-10 ივნისს გაიმართება, თბილისიდან მოწვეული პოეტები და მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. ესენია: ზვიად რატიანი, პაატა შამუგია, კატო ჯავახიშვილი, ზაზა კოშკაძე, გაგა ნახუცრიშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ლუკა ბაქანიძე, ერეკლე დეისაძე, ბაჩო ჯიქიძე და ლექსო რატიანი. ღონისძიების იდეის ავტორები ზუგდიდელი ახალგაზრდები, ტატო ჩანგელია, ნიკა ლაშხია და გიორგი შონია არიან.

“დღეისათვის, თბილისში უამრავი ფესტივალი და ღონისძიება ტარდება. მასზე დასწრება და მონაწილეობა რეგიონში მცხოვრებებს, გასაგები მიზეზების გამო, არ შეუძლიათ. ეს დაკავშირებულია დროსთან, ფინანსებთან და კიდევ ბევრ დეტალთან. სამწუხაროდ, არც ზუგდიდია გამონაკლისი. ხშირ შემთხვევაში, რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმ კულტურულ აქტივობებზე, რაც თბილისში ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის საშუალებით ინფორმაცია ხელმისაწვდომია, ეს პრობლემა დღის წესრიგში მაინც დგას. ჩვენ გვინდა, რომ ფესტივალს ყოველწლიური სახე ჰქონდეს, რათა რეგიონი კულტურულ ცხოვრებაში ჩაებას და არ იყოს დიდი წყვეტა თბილისთან, რაც ასე თვალსაჩინოა. გარდა ამისა, ფესტივალის ზუგდიდში ჩატარება სხვა საინიციატორო ჯგუფებისთვის მაგალითის მიმცემი იქნება, რათა მომავალში რეგიონებს უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ”, – ამბობს ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკა ლაშხია.

მისივე თქმით, ჯერ არა აქვთ გადაწყვეტილი კონკრეტულად სად ჩატარდება ფესტივალი.

ფესტივალის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”, გენერალური სპონსორი – “შაუნდერს Group-ი”. სპონსორები: “ლაზიკა კაპიტალი”, “ცერერა”, შ.პ.ს “ზუგდიდის სუპერმარკეტი”, ბარ-რესტორანი “El Barko” და „Art hostel-ი”.

კომენტარები

კომენტარი