შემოქმედებითი ინდუსტრიები

“რეალურ ცხოვრებაში რომ “ბაქარები” არ იყვნენ, ის არ გახდებოდა პოპულარული”

პოპულარული ქართული სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი მსახიობი, ბუბა მირცხულავა, რომელიც ბაქარის როლის შემსრულებელია, ამბობს, რომ მისი გმირი მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიუხედავად  იმისა, რომ მას დიდი სამსახიობო გამოცდილება არ აქვს, სერიალში ერთ-ერთი საკვანძო და ყველაზე სახასიათო ადგილი უჭირავს.

ბაქარი წარმოაჩენს  სოფლიდან ქალაქელ ნათესავებთან ჩამოსულ ბიჭს, რომელმაც  უმაღლეს სასწავლებელში უნდა ისწავლოს. მოგვიანებით იგი დიდ ბიზნეს-ინდუსტრიაში აღმოჩნდება და უზრუნველი ცხოვრებაც იწყება.  პერსონაჟის როლის შემსრულებელი ამბობს, რომ „ბაქარის“ პოპულარობას ის უწყობს ხელს, რომ რეალურ ცხოვრებაში ბევრი „ბაქარია“. 

„ჩემი აზრით იმისათვის, რომ სრულფასოვან ადამიანად  შედგე, არაა საჭირო უმაღლესი განათლება გქონდეს. მთავარია ის საქმე გიყვარდეს, რასაც აკეთებ..  ბაქარმა ძალიან ბევრი რამე გააგებინა ხალხს და ზუსტად ისე დაანახა,  როგორც აქამდე ბევრს ვერ წარმოედგინა. მაგალითად, სიყვარული.   საზოგადოების დამოკიდებულება ძალიან დადებითია როგორც ბაქარის, ასევე ჩემს მიმართ, რაც ძალიან სასიამოვნოა. რეალურ ცხოვრებაში რომ “ბაქარები” არ იყვნენ, ის არ გახდებოდა პოპულარული. სერიალის ნებისმიერი გმირი, ჩვენი ცხოვრების გზაზე შეგვხედრია, ვხვდებით ან შევხვდებით. ჩემი აზრით ესაა სერიალის ხიბლიც,“- უთხრა „არტნიუსს“ ბუბა მირცხულავამ.

იგი ასევე ამბობს, რომ მასსა და „ბაქარს“ შორის რეალურ ცხოვრებაშიც არის რიგი საერთო გადაკვეთის წერტილები. რაც შეეხება სამომავლოდ როგორ განვითარდება ბაქარის ცხოვრება და რა იქნება მომავალ სერიებში, ბუბა მირცხულავა საიდუმლოს გამხელისგან თავს იკავებს.

„რაღაც საკითხებთან მიდგომა და სხეული გვაქვს საერთო..  საერთო რომ არ ყოფილიყო, ასეთი რეიტინგული არ იქნებოდა, რადგან იმ ამოცანას თავს ვერ გავარმევდი, რაც მოცემული მქონდა.  მომდევნო სერიების საიდუმლოს ვერ გაგიმხელთ, თუმცა ერთს გეტყვით, რომ ძალიან კარგი სერიები გველის წინ“,- განუცხადა „არტნიუსს“ ბუბა მირცხულავამ.

 

ავტორი: ქართლოს ნადირაძე

კომენტარები

კომენტარი