ლიტერატურა

პაატა შამუგია: 8 მიზეზი, თუ რატომ ვერ გავა კანონპროექტი შემოქმედებითი ცენზურის შესახებ

პოეტი პაატა შამუგია შემოქმედებითი ცენზურის შესახებ ახალ კანონპროექტს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში 8 მიზეზი გამოაქვეყნა თუ რატომ არაა ლეგიტიმური ის:

“8 მიზეზი, თუ რატომ ვერ გავა ბესელია-გოგიჩაიშვილის კანონპროექტი შემოქმედებითი ცენზურის შესახებ

1. აფრიალდეს დროშა მშვენი, ძირს ჯვარი და ხატი,
სხვა კულტურას ითხოვს ჩვენი პროლეტარიატი…
/ გალაკტიონ ტაბიძე – ნაწყვეტი ლექსიდან “ოქტომბრის სიმფონია” /

2. “პალესტინაში დაბადებულმა დურგლის ნაბიჭვარმა [იესომ] ჯვრების ტყეები აღმართა მთელ ქვეყანაზე”. თარაშ ემხვარის სიტყვები “მთვარის მოტაცებიდან”

3. ნობელიატ ჟოზე სარამაგუს „იესოს სახარებაში“ დეტალურად არის აღწერილი იესოს და მარიამ მაგდალელის სექსი, ორალიან-ყველაფრიანად.

4. „რა მოხდება, რომ ავდგე და ჩავაფსა ბარძიმში?“
/ ჟან პოლ სარტრი „სიტყვები“. /

5. „მღვდლები ხელებსაც არ იბანენ, ისე ეზიარებიან უფლის სისხლს და ხორცს, რომელსაც მერე მოფსამენ და მოჯვამენ.“
/ უმბერტო ეკო „პრაღის სასაფლაო“ /

6. ოსკარმა იესოს ჭუჭუკა ყურადღებით მოსინჯა, და ამ დროს, ერთი მხრივ, სასიამოვნოდ, და მეორე მხრივ, დამაბნევლად, საკუთარი, ახალი ჭუჭუკა შეიგრძნო“.
/გიუნტერ გრასი “თუნუქის დოლი” /

7. „ქვეყანას მომავლინა, თუ მახსოვრობა არ მღალატობს, უკანალში დატანებული ხვრელიდან. მაშინ პირველად ვიგრძენი განავლის გემო.“
/ სემუელ ბეკეტი “მოლოი” /

8. ბოზი მტრედები.. ნოეს შემდეგ პენსიით ცხოვრობენ”
/ ბესიკ ხარანაული /

მეტი მიზეზის მოტანა დამეზარა, თორემ ნამდვილად არაა სიმწირე :დ ასე რომ, ჯერ ესენი აკრძალეთ არაეთიკურობისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო და მერე ვილაპარაკოთ. აა, ამათ ვერა?:დ

ერთი სიტყვით, არ გავა ეს კანონპროექტი. და თუ გავა, მაშინ ლიტერატურა შეგვიძლია გაუქმებულად გამოვაცხადოთ, მათ შორის – რუსთაველიც, რომელზეც არქიეპისკოპოსი ტიმოთე გაბაშვილი ასეთ რამეს ამბობდა: “ესე რუსთაველი იყო მთქმელი ლექსთა ბოროტთა, რომელმაც ასწავა ბოროტი ბილწიერება და გარყვნა ქრისტიანობა, ხოლო უწინარეს ჩვენთა უმეცართა სამღვთოთ თარგმნეს ბოროტი ლექსი მისი“.

ქალბატონო Eka Beselia Official (გოგიჩაიშვილის ფბ ვერ ვნახე), შეეშვით თამაშს, არ გამოვა მაი ამბავი)”

შეგახსენებთ, რომ შესაბამისი ცვლილებები „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ შედის, რომლის ავტორები უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი არიან.

ცვლილებებით სასამართლოსადმი დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეების ჩამონათვალს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები დაემატება, თუ ნაწარმოების გავრცელება სხვათა უფლებებს ლახავს.

აღნიშნული ცვლილება მომდევნო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი