კულტურა

თანასწორობის მოძრაობის 17 მაისს დაგეგმილი აქცია გაუქმდა

თანასწორობის მოძრაობის 17 მაისს დაგეგმილი აქცია გაუქმდა, რადგან, ორგანიზატორების თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ ქვეყანაში კონკრეტული ძალები ცდილობენ სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევას და მათი მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციული ნაბიჯები.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ საპატრიარქო და ფაშისტური დაჯგუფებები გეგმავენ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსველობებს, რომელთა დრო და ლოკაციაც, უმცირესობის თქმით, უცნაურად დაამთხვიეს ამ უკანასკნელთა მიერ დაგეგმილ დემონსტრაციას.

“გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ წლის 17 მაისს ეს ძალები უპრეცედენტო მობილიზაციით ემზადებიან ქალაქში არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების მოსაწყობად. ამას ამყარებს ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად შევეცადეთ მათი დაგეგმილი აქტივობები არც დროში და არც ლოკაციაში არ დაგვემთხვია ჩვენი აქციისთვის, ცნობილი გახდა, რომ მათ აქტივობების დრო და ლოკაციები გადმოწიეს და ზუსტად დაამთხვიეს ჩვენს აქციას, რაც ბოლოდროინდელი მოვლენების, საერთო დაძაბულობისა და მღელვარების ფონზე აძლიერებს არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს, რასაც შეიძლება გაუთვლელი დამანგრეველი შედეგი მოჰყვეს ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას უახლოესი წარსულიდან, 90-იანი წლებიდან, კარგად ახსოვს, რა შედეგებამდე მივყვავართ საზოგადოებაში ქსენოფობიისა და მტრობის გაღვივებას. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ სამოქალაქო ომში ჩათრეული ჩვენი ქვეყანა.

სწორედ ამიტომ: ვაცნობიერებთ რა ყველა არსებულ და რეალურ საფრთხეს, ჩვენ, ლგბტ აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი, ერთობლივი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თავისუფალი თვითგამოზატვის კონსტიტუციური უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია საქართველოს კანცელარიასთან, რათა ხელი არ შევუწყოთ დაინტერესებულ ძალებს არეულობის მოწყობაში” – თანასწორობის მოძრაობა

კომენტარები

კომენტარი