ლიტერატურა

რას ურჩევს მკითხველს გამომცემლობა “აგორა” წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის?

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს წელს მეოცედ გამართავს.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018-ის ფოკუს ქვეყანაა გერმანია. პირველად, ფესტივალის ისტორიაში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მრავალრიცხოვანი დელეგაციით ეწვევა თბილისს და პავილიონში საკუთარი სტენდით წარსდგება.

ფესტივალი ფრაფნკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებს, გერმანელ გამომცემლებს და სამ თანამედროვე ავტორს უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წიგნებზე დიდი ფასდაკლება ვრცელდება. იქ გამომცემლობები წარმოადგენენ თავიანთ წიგნებს, რომელთა შორისაც იქნება გამომცემლობა “აგორა”

იმისათვის, რომ გაგიმარტივოთ წიგნის ამორჩევის პროცესი, “არტნიუსი” დაუკავშირდა გამომცემლობა “აგორას”, რომელმაც მკითხველს წინამდებარე 5 წიგნი ურჩია:

კვებეკელი ფრანგულენოვანი მწერლის, გაეტან სუსის გახმაურებული რომანი ,,გოგონა, რომელსაც ძალიან უყვარდა ასანთი“.

რომანმა მწერალს მსოფლიო აღიარება მოუტანა. იგი ოცამდე ენაზეა თარგმნილი.ფრანგულიდან თარგმნა ირინა ლაბაძემ ორი ბავშვი მარტო, ავტორიტარულ მამასთან ერთად, თვალუწვდენელ მამულში ცხოვრობს, სადაც დრო გაჩერებულია. მათ მიერ შექმნილი სამყარო შემოფარგლულია წაკითხული ფილოსოფიითა და ზღაპრებით რაინდობის შესახებ. როდესაც მამა უკვდებათ, ისინი გადაწყვეტენ მის დამარხვას და მოულოდნელად შეეჯახებიან მეზობელი სოფლის მცხოვრებლებს, რის შედეგადაც მათი რომანტიკული და ცრუ საბურველი იცვლება მათივე არსებობის საშინელი სინამდვილით. შესანიშნავი, ოსტატური რომანი, რომელშიც არაფერია იმის მსგავსი, რაც თავდაპირველად წარმოგიდგენიათ…

,,ბედნიერი სიკვდილი“ – ალბერ კამიუ

ფრანგულიდან თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა კამიუმ თავისი პირველი რომანი ,,ბედნიერი სიკვდილი“ ოცი წლის ასაკში დაწერა, მაგრამ მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა. იგი გვიამბობს ახალგაზრდა ალჟირელი მერსოს შესახებ, რომელიც საზოგადოების წესების წინააღმდეგ მიდის, ჩაიდენს მკვლელობას და გაურბის სასჯელს, შემდეგ კი სხვადასხვაგვარ ცხოვრებას ეწევა და ბოლოს ბედნიერ ადამიანად კვდება. ,,ბედნიერი სიკვდილი“ კამიუს ცნობილი რომანის ,,უცხოს“ წინამორბედ რომანს წარმოადგენს, თუმცა ის ასევე შეიძლება ჩავთვალოთ გულწრფელ ავტოპორტრეტად, რომელიც აღწერს კამიუს მოგონებებს მის ახალგაზრდობაზე, მოგზაურობასა და ადრეულ ურთიერთობებზე. ის უმატებს ლირიკულ აღწერას მისი ბავშვობის დროინდელ ალჟირის ოქროსფერ მზეზე – ადგილზე, სადაც, ბოლოს და ბოლოს, მერსომ შეძლო ეპოვა სიმშვიდე და მომკვდარიყო ,,ბრაზის, სიძულვილის და სინანულის გარეშე“.

დანიელ პენაკი ,,პროზის გამყიდველი გოგონა“

ფრანგულიდან თარგმნა ნატა ბალავაძემ ფრანგების უსაყვარლესი მწერლის დანიელ პენაკის ,,პროზის გამყიდველი გოგონა“ მალოსენების საგის მესამე წიგნია. რომანის მთავარი გმირი ბენჟამენ მალოსენი ნამდვილად მე-20 საუკუნის წმინდანია. იყო უფროსი ძმა მრავალშვილიან ოჯახში, ოჯახის მარჩენალი, პრობლემების მომგვარებელი და ძილისპირული ზღაპრების მთხრობელი – საკმაოდ რთული მოვალეობებია. ამასთან იგი პატარა პარიზულ გამომცემლობაში მუშაობს, მისი თანამდებობა განტევების ვაცობაა, მან უნდა თანაუგრძნოს უარით გასტუმრებულ მწერლებს და მიიღოს მათგან უარყოფითი ემოციები. თავისი დის კლარას გათხოვების ამბით აღელვებული ბენჟანენი სამსახურიდან მიდის, დედოფალი ზაბო კი მას ახალ ადგილს სთავაზობს: გახდეს სხვა პიროვნება, წარმატებული სისულელის უჩინარი ავტორი. სწორედ ეს გადაწყვეტილება უჯდება მალოსენს ტყვიის ფასად. ერთმანეთთან დაკავშირებული ამოუცნობი დანაშაულების კვალი კი ბენჟამენთან მიდის.

რომენ გარი, ,,ცხოვრება წინაა” ფრანგულიდან თარგმნა თინა ღარიბაშვილმა. ,,ცხოვრება წინაა” ფრანგი მწერლის რომენ გარის რომანია, რომელიც ავტორმა ემილ აჟარის ფევდონიმით გამოქვეყნა. იმავე წელს, რომანმა გონკურის პრემია მიიღო. ეს პრემია ერთ მწერალზე მხოლოდ ერთხელ გაიცემა. რომენ გარის ის უკვე მიღებული ჰქონდა რომანისთვის “ცის ფესვები”, მაგრამ მან ისე შეცვალა სტილი სხვა ფსევდონიმით გამოქვეყნებულ ნაწარმოებში, რომ ჟიური ვერ მიხვდა, რომ რომენ გარი და ემილ აჟარი ერთი და იგივე პიროვნება იყო. მომო, მუსლიმი ობოლი ბიჭია, რომელიც დაახლოებით 10 წლისაა, ცხოვრობს ებრაელი ქალის, მადამ როზას, მზრუნველობის ქვეშ, რომელიც ოსვენციმში იყო და მოგვიანებით მეძავობით ირჩენდა თავს პარიზში. დედამ მომო მადამ როზასთან დატოვა, რომელიც უკვე ასაკშია და მეძავების ბავშვებს უვლის. მომო მოგვითხრობს მის ურთიერთობაზე მადამ როზასთან, ქოლგა არტურთან, ხალიჩების გამყიდველ ბატონ ჰამილთან, ექიმ კაცთან, მადმუაზელ ნადინთან, ყოფილ მოკრივე და ტრანსვესტიტ მადამ ლოლასთან. მიუხედავად ამ ადამიანების უცნაურობებისა, მათ შეუძლიათ სიყვარული, ერთგულება და ერთმანეთის თანადგომა.

“სიმართლე ჰარი კებერის საქმის შესახებ”

ოელ დიკერი შვეიცარიელი ფრანგულენოვანი მწერალია. იგი ჟენევის წიგნის მაღაზიის მფლობელისა და ფრანგული ენის მასწავლებლის შვილია. ათი წლის ასაკში დააარსა ,,ცხოველთა გაზეთი”, რომელსაც შვიდი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და რის გამოც დაჯილდოვდა კუნეოს პრემიით ბუნების დაცვისთვის. 2005 წელს მან გამოაქვეყნა პირველი ნაწარმოები – მოთხრობა ,,ვეფხვი”. 2010 წელს მან დაწერა პირველი რომანი ,,ჩვენი მამების ბოლო დღეები”. რომანმა ,,სიმართლე ჰერი კებერის საქმის შესახებ” ოთხი პრემია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი