ლიტერატურა

რას ურჩევს “წიგნები ბათუმში” მკითხველს წიგნის ფესტივალისთვის?

მოგეხსსენებათ, რომ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, გამართავს წიგნის საახალწლო ფესტივალს. ამიტომაც, “არტნიუსი” გაესაუბრა წიგნის მაღაზია “წიგნები ბათუმშის”, რომელმაც მკითხველებს შესაძენად შემდეგი წიგნები ურჩია:

რობერტ ჰაინლაინი – უცხო უცხოთა ქვაყანაში

რობერტ ჰაინლაინის შემოქმედება სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ქვაკუთხედად მიიჩნევა. აიზეკ აზიმოვთან და ართურ კლარკთან ერთად მან ამ ჟანრის ერთგვარი ლიტერატურული სტანდარტი შექმნა და საყოველთაო პოპულარობაც მოუტანა. „უცხო უცხოთა ქვაყანაში“ არა მხოლოდ მისი ყველაზე ცნობილი, კონტროვერსიული და ენობრივად დახვეწილი რომანია, არამედ პირველი წიგნია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში, რომელმაც “ნიუ იორკ ტაიმსის” ბესტსელერთა სიაში დაიმკვიდრა ადგილი. ფრენკ ჰერბერტის „დიუნთან“ ერთად, „უცხო უცხოთა ქვაყანაში“ სამეცნიერო ფანტასტიკის ყველაზე გავლენიან წიგნადაა მიჩნეული.
ჰაინლაინის მაგნუმ ოპუსი იმ იშვიათ ნაწარმოებებს მიეკუთვნება, რომლებიც, არათუ საკუთარი ეპოქის გამოძახილია, არამედ თანამდევი გავლენით საზოგადოების განვითარების მიმართულებასაც განსაზღვრავენ. წიგნში წარმოჩენილმა იდეებმა რელიგიის, ქონების, მონოგამიისა და სიკვდილის შესახებ დიდი გამოძახილი ჰპოვეს გასული საუკუნის კონტრკულტურულ ოაზისში – ჰიპურ მოძრაობაში. მისი გავლენა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ წიგნში აღწერილმა გამოგონილმა რელიგიამ ჩვენს სამყაროშიც გადმოინაცვლა და დღემდე Сhurch of All Worlds-ის სახელით არსებობს. ამ მიღწევათა გათვალისწინებით აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკამ „უცხო უცხოთა ქვაყანაში“ იმ წიგნების ასეულში შეიყვანა, რომლებმაც ამერიკა ჩამოაყალიბეს (Books that shaped America), 1962 წელს კი რობერტ ჰაინლაინი საუკეთესო რომანის ავტორობის გამო პრემია „ჰუგოთი“ დააჯილდოეს.
ვალენტაინ მაიკლ სმიტი, პირველი ადამიანია, რომელმაც არა მხოლოდ ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა მარსზე, არამედ ამ პლანეტის მკვიდრთაც აღზრდეს. მკითხველისთვის იგი იდეალური ინსტრუმენტია, რათა ახალი კუთხით დაინახონ ის ინსტიტუციები და სოციალური ნორმები, რომელთა ფესვებიც დედამიწურ საზოგადოებაშია ჩაკირული. სმიტი მგლების მიერ აღზრდილი მაუგლის მსგავსად უბრუნდება ადამიანთა მოდგმას, თუმცა, მისგან განსხვავებით, უცხოპლანეტურმა აღზრდამ იგი დედამიწელთა უმეტესობაზე უფრო ჰუმანური და პროგრესული გახადა, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ზებუნებრივ უნარებზე. როგორ მიიღებს დედამიწა უძღებ შვილს და როგორ გავლენას იქონიებს მისი იდეები კაცობრიობის განვითარებაზე – ამის შესახებ მკითხველი უკვე მაისის წიგნის ფესტივალზე შეიტყობს.

ლიზა ჯენოვა – „სიყვარულით, ენტონი“

ლიზა ჯენოვას, ბესტსელერი რომანის, „ჯერ კიდევ ელისის“ ავტორის შემდეგი წიგნი “სიყვარულით, ენტონი” არის ისტორია დანაკარგზე, უპირობო სიყვარულისა და ცხოვრების გაგრძელების აუცილებლობაზე.
რომანი ორი ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა ბედისწერა ტრაგედიებმა გადააჯაჭვა ერთმანეთს. ბეთ ელისი, რომელსაც 8 წლის აუტისტი შვილი, ენტონი დაიღუპა და ოლივია დონატელი, რომლის 14-წლიანი ოჯახური ცხოვრება ქმრის ღალატმა გაანადგურა. ორივე ცხოვრების გადააზრებას და ემოციური ჭრილობის მოშუშებას ცდილობს, მათი გზები კი ნანტაკეტში, ზღვის პირას, ცხოვრების გარდამტეხ მომენტში გადაიკვეთება.
ლიზა ჯენოვა თავის პერსონაჟება და მკითხველს უნივერსალურ კითხვას უსვამს: რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საკუთარი თავი სხვებისთვის საჭიროდ ვიგრძნოთ, მივაღწიოთ ბედნიერებას, ვგრძნობდეთ თავს უსაფრთხოდ და ვიცოდეთ, რომ სხვებს ვუყვარვართ?
ამ კითხვაზე პასუხი ენტონიში იმალება. ბიჭში, რომელსაც არ უყვარდა, როდესაც მას ეხებოდნენ, ადამიანებს თვალებში ვერ უყურებდა და სათქმელს სიტყვებით ვერ გამოხატავდა. თავისი მეცნიერული გონებით და ადამიანური გულით, ჯენოვა აღგვიწერს, თუ როგორ აღიქვამდა ენტონი მისთვის ესოდენ უცხო სამყაროს და მიუხედავად თავისი განსხვავებულობისა, რამდენი საერთო ჰქონდა სხვა ადამიანებთან.

ერინ მორგენსტენი – „ღამის ცირკი“

ღამის ცირკი წარმოდგენებს გაუფრთხილებლად მართავს. მისი განრიგი არავინ იცის. ის უბრალოდ იქ ჩნდება, სადაც წინა დღეს არაფერი იყო. ცირკის შავ-თეთრი კარვების მიღმა მაგიური სანახაობა იმალება, რომელიც იღბლიან სტუმარს ცხოვრების ბოლომდე დაამახსოვრდება. ცირკი შუაღამისას იხსნება და განთიადის დადგომასთან ერთად უჩინარდება, რათა მეცხრამეტე საუკუნის მონოტონური ცხოვრება, ეგზოტიკური ფერებითა და თვალწარმტაცი ილუზიებით, ახლა უკვე სამყაროს სხვა ნაწილში გაახალისოს.
თუმცა ამ ღამეული წარმოდგენების უკან ბევრად მისტიკური და საშიში მიზეზები იმალება, ვიდრე ხალხის გართობის სურვილია. ღამის ცირკში ორ ჯადოქარს შორის მიმდინარე საუკუნოვანი ორთაბრძოლის კულმინაცია უნდა გაიმართოს, რომლებიც ერთმანეთს თავიანთი მოსწავლეების მეშვეობით დაუპირისპირდებიან. სელიასა და მარკოს ბედისწერა წინასწარაა განსაზღვრული – ორიდან ერთი უნდა მოკვდეს. მხოლოდ ასე დასრულდება ჯადოქრების პაექრობა და მხოლოდ ასე დაუმტკიცებს ერთი მეორეს თავის სიმართლეს.
ერინ მორგენსტენის სადებიუტო რომანი „ღამის ცირკი“ ნიუ იორკ ტაიმსის ბესტსელერია. 2012 წელს ავტორმა ამერიკის ბიბლიოთეკათა ასოციაციის ჯილდო მიიღო. ამავე წელს მას საუკეთესო სადებიუტო რომანისთვის ლოკუსის პრემია გადაეცა.

ანა გავალდა – „ლამაზად გაქცევა“

გარანსი, სიმონი, ვანსანი და ლოლა – ოთხი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და-ძმა ერთ მშვენიერ დღეს დაუგეგმავად გადაწყვეტს, ყველაფერს გაექცეს. ნათესავის ქორწილიდან ისინი გარბიან შორს ყოფითი პრობლემებისგან, განქორწინებისა და ოჯახური ცხოვრების კრიზისებისგან, ფინანსური სიძნელეებისა და მარტოობისგან და ბავშვობის უკანასკნელ, ულამაზეს დღეს იწყობენ. ეს სწორედ ის დღეა, რომელიც თითოეულის ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლის: შორიდან საკუთარ ყოფას სულ სხვანაირად დაინახავენ, ერთად ყოფნა კი ოთხივეს ეხმარება თავების შეცნობაში. ლამაზად გაქცევის წყალობით უამრავ კითხვას უჩნდება პასუხი. ეს დღე მათ მთავარის აღმოჩენაში ეხმარება – რაც არ უნდა მოხდეს, რა შორსაც არ უნდა დასახლდნენ ერთმანეთისგან, ვისთან ყოფნაც არ უნდა აირჩიონ, მათ ერთმანეთი ჰყავთ და ამას ვერაფერი შეცვლის.

კომენტარები

კომენტარი