ბლოგი

„მალე გვირილას ფორმებს ჩაგვაცვამენ და ვიმღერებთ იმას, რაც პოლიციას სურს”

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ გარშემო ჩემი დიდი ყურადღება მიიპყრო. ბუნებრივია, იმიტომ, რომ საქმე მუსიკას, ახალგაზრდებს და თვითგამოხატვას ეხებოდა. ყველამ კარგად ვიცით, როგორი მნიშვნელოვანია ხელოვნება, და ზოგადად, შემოქმედება თვითგამოხატვისთვის. თითოეული ჩვენგანი მივმართავთ გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს: ვწერთ ლექსს (როგორიც შეგვიძლია), ვუკრავთ, ვმღერით, ვარჩევთ ისეთ ტანისამოსს, რომელიც ჩვენ შინაგან ბუნებას წარმოაჩენს, ვუსმენთ მუსიკას, რომელიც ჩვენ განწყობას ან სულიერ მდგომარეობას გამოხატავს.

შემოქმედებითი პროცესი და სინამდვილის მხატვრული აღქმა სუბიექტურია, სადაც ნებისმიერი ჩარევა, როგორიცაა „მე კლიპში ასე გამოყვანილი პოლიციელი არ მომწონს“ – ცენზურაა (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 23). ხოლო მაშინ, როცა საკუთარ აზრს გამოვხატავთ ნებისმიერი ფორმით – დროშის დაწვითა თუ ჰიპ-ჰოპ მუსიკით, ეს უკვე სიტყვის თავისუფლებაა, რომლის შეზღუდვაც ისევე არაკონსტიტუციურია, როგორც ცენზურა (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 19).

ბირჟა მაფიის კლიპი „შავი ზედა“ სახელმწიფო ინსტიტუტებმა და საზოგადოებამ უნდა აღიქვას არა როგორც პოლიციის იმიჯის შელახვა, არამედ როგორც ახალგაზრდების პროტესტი თავისუფლების შეზღუდვაზე, ჩაშვებაზე, ჩადებაზე და შერჩევით სამართალზე. ის, თუ როგორ აღიქვამენ ბირჟა მაფიის ბიჭები ამ რეალობას შეიძლება ყოველთვის იყოს კრიტიკის საგანი ან მიუღებელი, სადაც მსჯელობა, კონტრარგუმენტი, დიალოგი, პროტესტი და გამოხავის სხვა ფორმები სრულიად მისაღებია.

პირადად ჩემთვის, ბირჟა მაფიის კლიპი „შავი ზედა“ ჩვეულებრივი ძალადობა და ქალთა დისკრიმინაციაა, თუმცა, მე მაქვს არჩევანი დავუპირისპირო კლიპს ჯანსაღი კრიტიკა ან უფრო ხარისხიანი გამოხატვის ფორმა და არა ცენზურა. კლიპის ხარისხისა და მუსიკის შეფასება კრიტიკოსებისთვის და საზოგადოებისთვის მიმინდია (თუ განსახილველად ჩათვლიან), მაგრამ ცენზურა დაუშვებელია! დღეს თუ ბირჟა მაფიას მაიდგნენ, ხვალ კონსერვატორიას მიადგებიან, შემდეგ ოპერას, მხატვრებს, არქიტექტორებს და ა.შ. ეს ამბავი კი დასრულდება ისეთი საბჭოთა სიმღერებით, სადაც გვირილას ფორმებს ჩაგვაცვამენ და ვიმღერებთ იმას, რაც პოლიციას სურს.

 

დათო ნადირაძე

კომენტარები

კომენტარი