საშემსრულებლო ხელოვნება

პირველი ინგლისური თეატრი საქართველოში – ინტერვიუ მის დამფუძნებელ სამანტა გათრისთან

თბილისში პირველი ინგლისური თეატრი იხსნება. “არტნიუსი” ესაუბრა Harvest Theater Company-ს დამფუძნებელს, სამანტა გათრის.

გთავაზობთ ინტერვიუს:

– რამ გადაგაწყვეტინათ საქართველოში ჩამოსვლა?

საქართველოში პირველად ტურისტულად ჩამოვედი, როდესაც სანქტ პეტერბურგში ვცხოვრობდი რუსული ენის შესასწავლად. სწორედ მაშინ შემიყვარდა ეს ქვეანა და მას შემდეგ კიდევ ორჯერ ჩამოვედი მოხალისეობრივი სამუშაოების დახმარებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი და ამერიკის საელჩო მართავდნენ. მაშინ მაგისტრატურას ვამთავრებდი ვირჯინიის უნივერსიტეტში. ახლა უკვე საქართველოში ვცხოვრობ და ამერიკის საელჩოს მიერ დაარსებული Title VIII Program- ის დამოუკიდებელი მკვლევარი ვარ.

– რამ გამოიწვია თქვენი დაინტერესება ამ ქვეყნის მიმართ?

ვერ ვიტყვი, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. მე ვადარებდი მას სანქტ პეტერბურგს (სადაც იმ დროს ვცხოვრობდი), ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან… მაგრამ, შემდეგ წავედი ყაზბეგში და მაშინ ნამდვილად შევიგრძენი ამ ქვეყნის მაგია. მე მთის ადამიანი ვარ და ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ თბილისშიც კი მთებით ხარ გარშემორტყმული. ახლა, როგორც მკვლევარი, გაოცებული ვარ ქართველების ინოვაციური ენერგეტიკით, მათი განვითარებისა და დახვეწისკენ სწრაფვით, რაც ყველაფერს აცოცხლებს. გასაოცარია იმისი გააზრება, რომ ჯერ კიდევ შეგიძლია გავლენა იქონიო ქვეყნის მომავალზე, შტატების ინსტიტუციონალური სისტემისგან განსხვავებით.ხელოვანის გადმოსახედიდან – საქართველო იდეალური ადგილია შემოქმედებითი პროექტებისა და ახალი პერსპექტივებისთვის.

– რატომ გადაწყვიტეთ თეატრის ჩამოყალიბება? და რატომ ინგლისურ ენაზე?

სიმართლე რომ გითხრათ, ეს ჩემს გეგმებში არ შედიოდა. თბილისში გადმოსვლისას მინდოდა, რომ თავისუფალ დროს ჩავრთულიყავი პროექტებში, გამეცნო ახალი ადამიანები, რათა მონოტონური სამუშაო გრაფიკი ცოტათი მაინც დამერღვია. ასე აღმოვჩნდი თეატრალურ ჯგუფში, რომელშიც სიამოვნებით მიმიღეს, თუმცა ეს არ ხდებოდა ინგლისურ ენაზე, ჩემი ქართული კი იმდენად კარგი არ იყო, რომ დიდი გასაქანი მქონოდა. სოციალურ ქსელში განვაცხადე იდეის შესახებ და საკმაოდ ბევრი ადამიანი გამომეხმაურა, რომელთაც ძალიან გაუხარდებოდათ თუ ინგლისური თეატრი გაიხსნებოდა საქართველოში. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ კიარა ბრუქსი, რომელიც შემდგომ კომპანიის თანადამფუძნებელი გახდა და ახლა Harvest-ის დირექტორია საგანმანათლებლო კუთხით.

ვინ არის თქვენი კომპანიის მთავარი (სამიზნე) აუდიტორია?

ბევრი ადამიანია ქვეყანაში ვისაც უჭირს ქართულენოვან თეატრში სიამოვნების მიღება, სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი აუდიტორია. თუმცა ჩვენი სურვილია, რომ ვიყოთ ქართული ხელოვნების ნაწილი, არა მხოლოდ უცხოელებისთვის. მიზნად ვისახავთ შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომლითაც ის ადამიანებიც ისიამოვნებენ, რომლებმაც არც ისე კარგად ან საერთოდ არ იციან ინგლისური ენა. ჩვენი სოციალური პროექტები ამჯერად მიმართულია რეგიონებისა და იქაური ახალგაზრდა ადამიანებისკენ. ღრმად გვწამს, რომ თეატრი შესანიშნავი გზაა, როგორც ენის შესასწავლად, ასევე ადამიანის ემოციური სიღრმეების დაკმაყოფილებისა და მენტალური კეთილდღეობისთვის.

ამასთან ერთად, გვსურს დავეხმაროთ ახალგაზრდებს განივითარონ წარმოსახვის უნარი – დიდი ხანი ვმუშაობდი საქართველოს სოფლებში სიღარიბის შემცირების თაობაზე და კარგად ვიცი რა სირთულეების გადალახვა უწევთ ქართულ ოჯახებს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვგონია, რომ თეატრის დანერგვა ამ ადამიანებს ამოიყვანს სიღარიბიდან, თუმცა ასე ბავშვებს შეეძლებათ ყოველგვარი რესურსის გარეშე გამოიყენონ თავიანთი წარმოსახვა. ყველას აქვს შესაძლებლობა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას დადგას თეატრალური წარმოდგენა – ამისთვის არაა საჭირო პროფესიონალიზმი ან განსაკუთრებული ხელსაწყოები. თეატრი ინტელექტისა და ემოცეიებისთვის სწორედ ისეთი მნიშნველობისაა, როგორიც ფეხბურთი – სპორტისთვის.

– როგორ აღწერთ საქართველოში ინგლისური თეატრის კონცეფციას?

ინგლისურ თეატრს საქართველოში ქვია „მოსავლის თეატრი“. ჰაჰ… ჩვენ ერთადერთი ვართ ამ სახელით! ვიცი, რომ ეხლა ტურისტებისთვის მიუზიკლი იდგმება, მაგრამ ეს მიუზიკლი საკმაოდ შორსაა იმისგან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ზოგჯერ, სპექტაკლები სთავაზობენ ტიტრებს, მაგრამ ქართულად თუ არ საუბრობ რთულია დაეწიო ამ ტიტრებსაც კი. ასე, რომ დღემდე ინგლისურად არაფერი შემხვედრია მოზარდებისთვის ვისაც სურს შეასრულოს ან ჩაერთოს სხვაგვარად სცენის და კოსტიუმების დიზაინში, თმისა და მაკიაჟის, რეკვიზიტების და მენეჯმენტის პროცესში. სამიზნე აუდიტორია მთლად ჩამოსულები და არაქართული მოსახლეობა არაა. ჩვენ გვინდა მეტად გავფართოვდეთ, რომ საქართველოს მასშტაბით მივწვდეთ მეტ ადამიანს და თეატრი გავხადოთ მეტად ხელმისაწვდომი მათთვის. ქართული საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვანია და ვიღწვით იმისთვის, რომ დავუკავშირდეთ მეტ ხელოვანს და ერთად აღვნიშნოთ თეატრის მდიდარი ისტორია საქართველოში.

– მოგვიყევით თქვენი გეგმების შესახებ?

ჩვენ გვაქვს ორი მთავარი თემა – სოციალური პროექტები და სასცენო თეატრი. სოციალური პროექტები, ძირითადად, მუშაობს ახლაგზარდებთან თბილისის გარეთ, რომლებიც მიზნად ისახავს, დაეხმაროს ახალგაზრდებს მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებში, დრამატული ხელოვნების ნაწილში. სოციალური პროექტი ეფუძნება გავრცელებულ რწმენას, რომ ხელოვნება და დრამა უზრუნველყობს ადამიანისთვის ცხოვრების უნარების გამომუშავებას, რომლებიც გაჰყვება მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ნებისმიერ სირთულესთან გამკლავებისას. ამჯერად, ჩვენ ვხელმძღვანელობთ დრამის კლუბს შავშვების დასახლებაში თბილისთან ახლოს, რომელიც დააარსა ამერიკის საელჩომ და ვატარებთ მასწავლებელთა გადამზადების პროგრამას პანკისის რეგიონში, რომელიც დაარსა „MAC Georgia- მ“. სასცენო თეატრი, ძირითადად, იმართება თბილისში და მოიცავს კომედიური პერფომანსების წერასა და კეთებას. ჩვენ მაყურებელს ვთავაზობთ ვორქშოპებს, ერთობლივ კითხვას და სხვა სოციალურ თეატრზე დაფუძნებულ ღონისძიებებს. 31 მარტს 8 საათზე ჩვენ გვაქვს თავისუფალი იმპროვიზაციის კომედი შოუ Backstage 76 ზე ვაკის პარკში. 19 ივლისს ჩვენ ჩავატარებთ მეორე წარმოდგენას, სახელად „ღამურა“. აგვისტოსთვის კი ვგეგმავთ ჩვენს პირველ სრულ სპექტაკლს.

– ვინ არიან თქვენი გუნდის წევრები?

ამჟამად, თეატრის საბჭოს სამი წევრი მართავს ყველა პროექტს, თუმცა არავის სრულგანაკვეთიანი სამსახური არაა. მათი ბიოგრაფიები ჩვენ ვებგვერდზეა. ფეისბუკ ჯგუფი გვაქვს ასამდე წევრით, ვინც სხვადასხვა გზით მონაწილეობს, ხოლო ძირითადი გუნდი უფრო ხშირად არის ჩართული ჩვენ აქტივობებსა და ღონისძიებებში. HTC თეატრის ხანგრძლივვადიანი მიზანია გახდეს უფრო მდგრადი თეატრი, რომელიც იარსებებს თბილისში მათი დამფუძნებლების გარეშეც, უპასუხებს საზოგადოების საჭიროებებს, და ინგლისურენოვანი ხელოვნების და კულტურის სახლად ჩამოყალიბდება რეგიონში.

– რა გზა გაიარეთ თქვენი მიზნების განხორიელებისთვის?

როგორც კი ეს იდეა დამებადა, მაშინვე მივიღე მხარდაჭერა და დახმარება. იყო უამრავი პოზიტიური ენერგია და გამოხმაურება პროექტის შესახებ. ჩვენ ჯერ კიდევ ვავითარებთ ორგანიზაციას, ვცდილობთ მოვიპოვოთ სივრცე სამუშაოებისთვის, ძირითადად, კი ვეძებთ ჩვენი უნარებისა და დაინტერესებული აუდიტორიის თანხვედრას. თბილისის თეატრალური საზოგადოება საკმაოდ საინტერესო ნარევია – აქ დამკვიდრებულია, როგორც ძველი სკოლა, კლასიკური თეატრის საზოგადოება, ინტელიგენცია, რომელიც უზრუნველყობს საქართველოს ტრადიციებსა და გასაოცარ შემოქმედებას. ასევე ამ ნარევში შეხვდებით ახალი სკოლის ხელოვნების საზოგადოებასაც – ახალგაზრდებს. ისინი არიან დიზაინერები, ელექტრონული მუსიკოსები, ფოტოგრაფები და რა თქმა უნდა თეატრალები. ჩვენ ყველა მათგანი ძალიან მოგვწონს, მაგრამ განსაკუთრებულად შთაგონებულები ვართ მოძრაობის თეატრითა და პატარა თეატრებით, რომლებიც მხოლოდ მცირე აუდიტორიებზეა გათვლილი. ჩვენ პატივს ვცემთ ტრადიციებს, მაგრამ გვსურს დავარღვიოთ წესრიგი სულ ოდნავ.

შავშვების დასახლებაში მცხოვრებ ბავშვებთან წინა წელს ჩატარებული ღონისძიება

Image may contain: 20 people, people smiling, people standing

“ღამურას” საღამო

კომენტარები

კომენტარი