არქიტექტურა, არქეოლოგია

პროტესტი ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ნგრევის წინააღმდეგ

ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის  ყოფილი შენობის ირგვლივ აჟიოტაჟი არ ცხრება.   ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარის“  წევრები და საზოგადოების ნაწილი  შენობის კომპანია „m2-ის“  მფლობელობაში ქონას აპროტესტებს.  როგორც ცნობილია, იგეგმება ობიექტის  იერის და   ფუნქციის შეცვლა.

ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის  ყოფილ შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ  ეს შენობა „ქართული სტილის“ უიშვიათეს არქიტექტურულ ნიმუშს განეკუთვნება და იმის გამო რომ ძეგლს დამსახურების მიუხედავად, კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლის სტატუსი არ გააჩნია, მისი დანგრევა მიუღებელია. პროტესტის მონაწილეები შენობის ნგრევა-გადაკეთების შეჩერებას ითხოვენ.

საკითხთან დაკავშირებით „არტნიუსი“  დაუკავშირდა როგორც საქართველოს კულტურისა და  ძეგლთა დაცვის  სამინისტროს,  ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს.  სააგენტოში განგვიცხადეს,რომ ამ შენობასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება და შეფასება მათი კომპეტენციის ფარგლებს  სცდება.

საკითხზე „არტნიუსმა“ თბილისის მერიის არიქტექტურის სამსახურსაც მიმართა.  სამსახურის  წარმომადგენელმა ქართლოს თეთრაულმა განაცხადა, რომ არსებობს შენობის საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმადაც  კონსტრუქცია და ტექნიკური ელემენტები სამშენებლო ნორმებს ვერ აკმაყოფილებს და სეისმურად არამდგრადია. თბილის მერიამ  კი შენობის გადაკეთების ნებართვა, 2017 წლის იანვარში, მხოლოდ მას შემდეგ გასცა, რაც სამშენებლო კომპანიამ მეოთხედ წარუდგინა თბილისის მერიის კულტურული მემკვიდრეობის საკონსულტაციო საბჭოს ახალი შენობის დახვეწილი გეგმა.

„პირველი სამი ვარიანტი დაწუნებული იყო და მხოლოდ ბოლო ვარიანტის, მეოთხედ წარდგენის შემდეგ გაიცა ნებართვა შენობის დემონტაჟსა და ახლის აშენებასთან დაკავშირებით“,- განუცხადეს „არტნიუსს“ თბილისის მერიის არიქტექტურის სამსახურში.

მიუხედავად პროტესტისა, ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის  ყოფილ შენობაში დემონტაჟის სამუშაოები გრძელდება. სამოქალაქო საზოგადოებისა  და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი საპროტესტო აქტივობებს სამომავლოდაც გეგმავენ.

 

ავტორი: სალომე ქუშაშვილი

კომენტარები

კომენტარი